მოჩქარეს მოუგვიანდესო
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 07.07

ანუ მუშკეტერული პათოსი
ჰააგაში „ნატოს“ მორიგი სამიტი გაიმართა და, თუმცა ეჭვობდნენ, ჩავიდოდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, საბოლოოდ, ის ჩავიდა და დასკვნით დოკუმენტშიც მხოლოდ ერთხელ ახსენეს რუსეთი (ტრამპს თავისი ანგარიშები აქვს რუსეთთან და წყლის ამღვრევა მისი ინტერესი არ არისო). რაც მთავარია, „ნატოს“ გაფართოება აღარ უხსენებიათ, არც უკრაინის მიწვევა და, რა თქმა უნდა, არც საქართველოსი (მაფზე უკეთესს დასჯერდით ისევო). მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი (ამჯერად მუქი ფერის კოსტიუმში გამოწყობილი) ჰააგაში ჩავიდა და ტრამპსაც ელაპარაკა (ოღონდ არ ვიცით, რა თემაზე), მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ აწ ზელენსკი კარგი ბიჭია.
მოკლედ, საბოლოო დოკუმენტში „ნატოს“ წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსისადმი (ფაქტია, თავმდაბლობას ვერ დავაბრალებთ) და იქვე დასძინეს, რომ, ასევე, ურყევად ერთგულნი რჩებიან კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი (ანუ „ნატოს“ მეხუთე მუხლისადმი, მუშკეტერული პათოსით: ყველა ერთისათვის და ერთი – ყველასათვის) და პირობაც მოგვცეს, რომ დაიცავენ თავიანთ მილიარდ მოქალაქეს (მილიარდის ხაზგასმა, ვფიქრობ, უფრო ჩინეთის დიდ ბოსტანში ნასროლი კენჭია), თავიანთ თავისუფლებასა და დემოკრატიას (დემოკრატია კი, მართლაც, შესაშური ჩამოყალიბდა: ტერორისტი ალ-ჯულანი ეროვნული მოღვაწე ალ-შარაად გარდაიქმნა, თალიბებიც დღე-დღეზე ელიან, რომ ისინიც ეროვნული მოღვაწეების რიგში ჩაეწერებიან; აშშ-ის პრეზიდენტი აშშ-ის კანონების გვერდის ავლით ბომბავს სხვა ქვეყანას და „ნატოს“ გენმდივანი აცხადებს, რომ აშშ სავსებით ლეგიტიმურად და კანონიერად მოქმედებდაო.
ოღონდ, ვფიქრობ, ყველაზე ყურადსაღები მაინც ისაა, რომ „ნატოს“ წევრებმა აიღეს ვალდებულება, რომ 2035 წლისთვის თავიანთი მთლიანი შიგა პროდუქტის 5 პროცენტს გაიღებენ ალიანსისთვის, რაც მოხმარდება შეკავებასა და თავდაცვას. თუ გავიხსენებთ, რომ დონალდ ტრამპი კარგა ხანია, ითხოვდა ნატოელი კოლეგებისგან საწევრო შენატანის გაზრდას, ფაქტია, რომ მისმა შეგონებებმა გაჭრა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას 10 წლის შემდეგ გეგმავენ, იბადება ეჭვი, რომ ამ გულდინჯობის თავი და თავი ჩვენებური პრინციპია: მოჩქარეს მოუგვიანდესო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან