პოლიტიკა

მიუხედავად ომით დაკარგული ტერიტორიის ომით დაბრუნებისა, რატომ არ არის გარანტირებული აზერბაიჯანის ლიდერობა სამხრეთ კავკასიაში

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 19.01, 2022 წელი

სოსო ცინცაძე
დაკოპირებულია

ბზეჟინსკი წიგნში – „დიდი საჭადრაკო დაფა“, რომელიც მან გასული წლების 90-იანებში გამოსცა, ხოლო პირადად მე 2000 წელს წავიკითხე, შენიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის ლიდერი ქვეყანა აზერბაიჯანი გახდება, ავტორს მოჰყავს თავისი არგუმენტები და სულ ბოლოს სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო სიჩქარეს კრეფს, რასაც ემატება აზერბაიჯანული ნავთობი და გაზი. ერთი შეხედვით, მართლაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ერთმევა თავისი ისტორიული ფუნქცია, მაგრამ ისიცაა, რომ ლიდერობა მხოლოდ სიმდიდრეს არ ემყარება და მას ისტორიული ფესვებიც უნდა ჰქონდეს, ანუ აუცილებელია მორალური უპირატესობაც. აქვს თუ არა ამის პოტენციალი აზერბაიჯანს? – ამ თემას სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.

– საიდან დაადგინა 25 წელზე მეტი ხნის წინათ ბზეჟინსკიმ, რომ სამხრეთ კავკასიის ლიდერი ქვეყანა აზერბაიჯანი უნდა იყოს?

– როდესაც ბზეჟინსკი ამ წიგნს წერდა, მაშინ გამოჩნდა კრიზისის რამდენიმე ნიშანი: მათ შორის, ენერგოკრიზისის, მაგრამ ის გადაჭრით არაფერს ამბობს. რეგიონული კრიზისების მიმოხილვისას წერდა, რომ ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა აზერბაიჯანს. მაგრამ აზერბაიჯანის პლუსი არ არის მხოლოდ ენერგოსიმდიდრე, მას ჰყავს ბუნებრივი მოკავშირე თურქეთი. რაც შეეხება იმას, ჩამოგვართვა თუ არა ლიდერობა: ჩვენი ლიდერობა უფრო ისტორიული წარსულია, თორემ ახალსა და უახლეს ისტორიაში საქართველოს ლიდერობაზე მხოლოდ ერთ პერიოდში იყო აქცენტი. გაგახსენებთ ბუშის ჩამოსვლას, მის ისტორიულ სიტყვებს: რეგიონის დემოკრატიის შუქურაა საქართველოო.

– რამაც, მგონი, დაგვღუპა, ისეთი ენთუზიაზმით დავიჯერეთ.

– ჩვენთან ამას არ მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ბუშის ამ სიტყვებს მაშინვე ძალიან მკვახედ გამოეხმაურა ალიევი, მან პირდაპირ თქვა: ჩვენ არავის დავუთმობთ რეგიონში ლიდერობას. როგორც ჩანს, ალიევი ძალიან გააღიზიანა ამ შეფასებამ და, მართლაც, ბუში მაშინ მხოლოდ საქართველოში ჩამოვიდა და გამოხატა აღფრთოვანება... ბუნებრივია, დიპლომატიიდან გამომდინარე, ალიევის ამ განაცხადს საქართველოდან არ მოჰყოლია რეაქცია. მაგრამ აზერბაიჯანის ლიდერობა განსაჭვრეტ მომავალში არ არის გარანტირებული და უდავო, იმიტომ რომ, ხომ ვხედავთ, დღეს რა ხდება? წლებსაც კი ასახელებენ, როდის გაქრება ნავთობზე ამხელა მოთხოვნილება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული რუსეთზე. გასაგებია, რომ ალიევმა ომით დაკარგული ტერიტორია ომით დაიბრუნა და ეს, მართლაც, უპრეცედენტო შემთხვევაა.

– თუმცა ეს პრეცედენტი შექმნეს თურქეთმა და რუსეთმა.

– უფრო თურქეთმა, რუსეთმა, უბრალოდ, წერტილი დაუსვა. სხვათა შორის, დიპლომატიური თვალსაზრისით, ამ პროცესმა არც თუ უმტკივნეულოდ ჩაიარა, ვინაიდან ერდოღანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მშვიდობისმყოფელები უნდა იყვნენ თურქები და რუსებიო, მაგრამ შემდეგ თურქებს იქ ფეხიც არ ჩაადგმევინეს, რაც ბევრის მანიშნებელია. გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვადა განისაზღვრა. მანამდე, როდესაც იყო სუეცის კრიზისი, აფრიკაში – კონგოს კრიზისი, იმავე კვიპროსის მოვლენებისას არ განსაზღვრულა სამშვიდობოების შეყვანის ვადა. და რუსეთს სულ არ სიამოვნებს, რომ განუსაზღვრეს იქ ყოფნის ვადა. 5 წლის შემდეგ ბაქო დაკმაყოფილდება მიღწეულით?! იქ არის სტრატეგიული ქალაქი შუშა, მთიანი ყარაბაღის ავტონომიის ნაწილი, რომელსაც აზერბაიჯანი ვერ აკონტროლებს და ასე იოლად არ დათმობს. ამდენად, ნუ ვიტყვით, რომ ეს კონფლიქტი უკვე გადაწყდა. ასევე, ძალიან საინტერესო იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ფართოდ ვთანამშრომლობთ, უკრაინის პრობლემის იგნორირებას ვერ მოვახდენთო. აღმოსავლურად ჩახუჭუჭებული ფრაზა ითქვა, რომლის კონტექსტი ასეთია: რუსეთს იმედი არ ჰქონდეს, რომ თურქეთი მის მხარეს იქნება უკრაინის საკითხში. ახლახან რუსებმა დაბომბეს იდლიბი...

– მანამდე კი იმავე სირიაში, ლატაკიაში, ისრაელმა დაბომბა სამხედრო საწყობი, რომელშიც, სავარაუდოდ, ირანიდან შეტანილი შეიარაღება ინახებოდა და თუმცა იქვე, 25 კილომეტრშია განლაგებული რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რუსებს არ ურეაგირიათ.

– დიახ, იქ ისრაელი მოქმედებდა, მაგრამ იდლიბი დაბომბა რუსეთმა, თურქეთს კი იდლიბი თავის პროვინციად მიაჩნია. საერთოდ, გამორიცხულია ანკარისა და მოსკოვის დიდხნიანი სტრატეგიული თანამშრომლობა. მეორე მხრივ, ბევრი არ ელოდა, მაგრამ ფაშინიანმა მაინც შეინარჩუნა ძალაუფლება, არა მხოლოდ წაგებული ომის, არამედ იმის მიუხედავადაც, რომ სამი ყოფილი პრეზიდენტი კრიჭაში უდგას.

– დიახ, ეს მეც მიკვირს, როგორ მოახერხა, რომ რუსეთისთვის მისაღები პერსონა გახდა.

– მოახერხა იმიტომ, რომ პირდაპირ თქვა: არანაირი „ნატო“. ევროკავშირი გვეხმარება, ფულს გვაძლევს, ამ ფულს ავიღებთ, მაგრამ რუსეთი ჩვენი არსებობის გარანტიააო. აქ არის კიდევ ერთი უცნობი ფაქტორი: როგორი იქნება პოლიტიკური ვითარება აზერბაიჯანში. ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო ჭირს ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა: მამიდან შვილზე, შემდეგ – შვილიშვილზე... ჩვენ ვნახეთ, რომ დღემდე მამიდან შვილზე გადადიოდა ძალაუფლება მემკვიდრეობით, თუმცა ამან ყაზახეთშიც არ გაამართლა, ნაზარბაევი ჩააჩოჩეს. ანუ აზერბაიჯანში საკითხი დგას, იქნება თუ არა შემდეგი პრეზიდენტი ჰეიდარის შვილიშვილი. ისიც ვთქვათ, რომ დღეს ყველა დასკვნა პირობითია და თვის ბოლომდე შეიძლება, თავდაყირა დადგეს ყველაფერი. მხედველობაში მაქვს ბაიდენ-პუტინის მოლაპარაკება. როგორც ჩანს, ბაიდენმა სადღაც სისუსტე გამოიჩინა. რუსეთი რამდენი ხანია, წუწუნებს, რომ მათთვის საშიშია „ნატოს“ გაფართოება და, თუ აქამდე ეუბნებოდნენ, რომ ეს საფრთხე არ არსებობსო, დღეს უკვე პირველად თქვეს ბაიდენმა და სტოლტენბერგმა, რომ ეს მართლაც პრობლემაა რუსეთისთვის.

– ანუ, გაგებით მოეკიდნენ რუსულ შიშებს?

– ეს პირველი სისუსტეა თუ არა, ამას ვნახავთ.

– პირველი სისუსტე „ნატოსა“ და აშშ-ის მხრიდან?

– რასაკვირველია: თვითონ ის ფაქტიც მნიშვნელოვანია, რომ იწყება მოლაპარაკება იმ თემაზე, რომელზეც დასავლეთს ადრე ლაპარაკიც არ უნდოდა და რუსეთს ეუბნებოდნენ, „ნატოს“ გაფართოებას რუსეთს არავინ ეკითხება და არც საფრთხე ემუქრებაო. დღეს დასავლეთმა უკვე აღიარა, რომ „ნატოს“ გაფართოება რუსეთისთვის შეშფოთების საფუძველია, ადრე ამას არ აღიარებდა და დიპლომატიურად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პუტინის დიდი გამარჯვებაა, იმიტომ რომ პუტინმა აიძულა დასავლეთი, ეღიარებინათ, რომ განა მანიაკია პუტინი, მართლაცაა რუსეთისთვის საფრთხე „ნატოს“ გაფართოება. არათუ 5, ერთი წლის წინათაც კი აშშ-ის პრეზიდენტს ან „ნატოს“ გენერალურ მდივანს აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაეწყო იმაზე, უნდა გაფართოვდეს თუ არა „ნატო“. მაგრამ დღეს ეს მოლაპარაკების თემაა და რუსეთს საკმაოდ უკომპრომისო პოზიცია უჭირავს. რამდენიმე დღის წინათ ზახაროვას ჰკითხეს და მან თქვა, ჩვენ წერილობითი გარანტია უნდა ავიღოთ, რომ „ნატო“ აღარ გაფართოვდებაო და სულ ახლახან პუტინმაც გაიმეორა, აქამდე ჩვენ სიტყვიერადაც გვპირდებოდნენ, რომ „ნატო“ არ გაფართოვდებოდა, მაგრამ მოგვატყუეს, ახლა კი გარანტია უნდა მოგვცენო.

– ერთიც მგლისკენო, პუტინი არ ცრუობს, მართლაც, შეჰპირდა ელცინს მამა ბუში მსგავს რამეს.

– მე ვნახე ყველა დოკუმენტი და მხოლოდ ერთ ადგილასაა ბეიკერის სიტყვიერი განცხადება: ჩვენ გვესმის რუსეთის შეშფოთება „ნატოს“ გაფართოების პერსპექტივით. თუმცა თქმით უთხრეს, რომ აღმოსავლეთით ერთი დიუმითაც არ გადმოვიდოდნენ, ამას უფრო კოლი ამბობდა, გერმანიის მაშინდელი კანცლერი. ახლა პუტინი უკვე ამბობს, სიტყვიერ დაპირებას აღარ „ვჭამ“, მე მინდა გრძელვადიანი დოკუმენტი, რაც ბაიდენისთვის ყელის გამოჭრის ტოლფასია და „ნატოს“ გაუქმებასაც ნიშნავს, იმიტომ რომ ეს „ნატოს“ წესდებაში წერია. როგორ შეიძლება, ბლოკის წესდება შეაცვლევინოს ბლოკის არა მხოლოდ არაწევრმა, არამედ ამ ბლოკის მოწინააღმდეგე ქვეყანამ?! ასეთი რამ ხდება მხოლოდ წაგებული ომის შემდეგ. „ნატოს“ წევრი 30 ქვეყნიდან 4-5 ქვეყანა დიდი სიამოვნებით მისცემდა რუსეთს ასეთ გარანტიას. ახლაც „ნატოს“ წევრი ოთხი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებაში: საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი და იტალია. ორი ფორმატი იქნება: ვაშინგტონ-მოსკოვის მოლაპარაკება და „ნატო“- რუსეთის მოლაპარაკება ზემოდასახელებული ოთხი ქვეყნის მონაწილეობით, იტალია კი დღესვე აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია და უნდა დავამშვიდოთო.

– იტალიის პრემიერმა თქვა, ევროკავშირს არანაირი ძალა არ გვაქვს, წინაღმდეგობა გავუწიოთ რუსეთსო.

– რას ჰქვია, ძალა არ გვაქვს?! დღეს „ნატოს“ სამხედრო ბიუჯეტი 25-ჯერ დიდია რუსეთის სამხედრო ბიუჯეტზე. მაშინ ეს ფული სად მიდის?! როგორ არ გაქვს ძალა?! ზელენსკიმაც მიიღო გარანტია ბაიდენისგან, რომ მის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკება არ გაიმართება. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის საკითხები დაკავშირებულია, მაშინ საქართველოც უნდა ჩაერთოს მაგ მოლაპარაკებაში, მაგრამ ჩვენები დიდი სიხარულით არ ჩაერთვებიან.

– მაგრამ ზელენსკის უფრო რთულადაც აქვს საქმე.

– დიახ, იქ ჯარი დგას უკვე, საქართველოში შემოჭრას კი დღეს ჯერჯერობით არავინ აპირებს, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ვითარება, ბაიდენმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომ „ნატო“ აღარ გაფართოვდება. ეს არავის ესიამოვნება, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც არ აპირებენ „ნატოში“ გაწევრიანებას, მაგრამ, როდესაც მეუბნები, რომ უფლება აღარ გექნება, რომელიმე ბლოკში შეხვიდე, ეს უკვე სუვერენიტეტის ხელყოფაა. მაგრამ ისიც საკითხავია, მზადაა რუსეთი დიდი ომისთვის, თუ ეს მხოლოდ შანტაჟია?! თუმცა პუტინის კოზირია ევროპა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებმა მიაჩვიეს, რომ „ნატოს“ ისინი ინახავენ და არა ევროპელები. თუ წელს ამერიკა მოახერხებს, გაათბოს ევროპა, მომავალ წელს რუსეთს ევროპაზე ამხელა გავლენა აღარ ექნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი