მეგობარი მტრები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ანუ მსუქანი შავ-შავი კატების გარემოცვაში
ალიევსა და პუტინს შორის იმდენად მსუქანმა შავმა კატამ აირბინ-ჩაირბინა, რომ რუსეთმა გაანახევრა ნავთობისა და გაზის მიწოდება, ასევე, აზერბაიჯანულ პროდუქტებში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა. და, თუმცა, პროცესი აზერბაიჯანული თვითმფრინავის ავარიული დაჯდომით დაიწყო, რის შედეგადაც 90 ადამიანიდან 60 დაიღუპა, კულმინაციის გამწვავებამ მას შემდეგ მიაღწია, როდესაც რუსეთში, სახელდობრ, ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის თავკაცი და მისი ვაჟი დააკავეს, ხოლო ბაქოში – „სპუტნიკის“ ხელმძღვანელი და მოადგილე. საქმე გაცილებით მძიმედაა.
რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელ კრიმინალებსაც შეეზღუდათ ბაზრებზე წვდომა (შემოსავალი აზერბაიჯანში მიდიოდა) და რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაც გაანადგურეს, რომლებიც აზერბაიჯანის საკუთრება იყო, ოღონდ, წყაროთა ცნობით, მათი შეძენა ბ-ნ ალიევს დიდმა ბრიტანეთმა ურჩია.
ვფიქრობ, იქიდანვე ურჩიეს ბ-ნ ალიევს, მიეღო ალ-შარაად გადანათლული ალ-ჯულანი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ამბავი ჩაიტანა თავად ალ-შარაამ ან რა გზავნილი დაახვედრა და ვისგან ილჰამ ალიევმა, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში (როდესაც ალიევმა გულმხურვალედ ჩამოართვა ხელი ყოფილ ტერორისტს) ისრაელის ავიაციამ სირიის პრეზიდენტის სასახლე და თავდაცვის სამინისტრო დაბომბა, ისრაელის მაღალჩინოსანმა კი განაცხადა, რომ ყოფილი ტერორისტები არ არსებობენ (ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და აზერბაიჯანს მეტად ახლო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ).
მართალია, ფორმალურად, ისრაელის თავდასხმა სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დრუზების დევნას უკავშირდება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ საბაბია. და, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის განახლება სასიხარულო საქმე ნამდვილად არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა, გარკვეულწილად, სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის მორიგი კერის შექმნას ემსახურება, რაოდენ არასასიამოვნო მოსასმენიც უნდა იყოს, ჯობს, სხვაგან დავაკვირდეთ ბრძოლის ქარცეცხლს, ვიდრე, მაინცდამაინც, საკუთარ თავზე...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან