მარადი მოვალე?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.12, 2023 წელი

ანუ ფრანგი ჩინოვნიკის გზა...
შესაძლოა, იმიტომ რომ სხვა გზა არ დარჩა ან სხვა მიზეზთა გამო, რაც პირადად ჩემთვის უცნობზე უცნობია, სომხეთი, ჩვეულებისამებრ, ამოვარდნილია რეგიონის კონტექსტიდან. კერძოდ, მიიჩნევა, რომ საფრანგეთის პოლიტიკას ატარებს, რაც ეწინააღმდეგება თურქეთ-ირანის ინტერესებს (სომხეთსა და რუსეთს ხომ ისედაც აქვთ და აქვთ ერთმანეთთან ანგარიში გასასწორებელი). მეორე მხრივ, ახლახან სომხეთმა საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რამაც, ბუნებრივია, თურქეთი გააბრაზა, სომხეთმა კი, ლამის იმავდროულად, საფრანგეთიდან ოციოდე ჯავშანმანქანაც ჩამოიტანა (ბუნებრივია, საქართველოს გავლით).
ამ ეტაპზე სამხრეთ კავკასიაში არეულობა არავისთვისაა ხელსაყრელი, ვინც რეგიონის სიახლოვესაა და ცოტა შორსაც, მაგალითად, არც ჩინეთისთვის, იმიტომ რომ კომუნიკაციების გამალებული მშენებლობაა. ოღონდ ჯერჯერობით გზაჯვარედინები აზერბაიჯანსა და თურქეთს სერავს (ჩვენ ობიექტურ მიზეზთა გამო ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება არ გვიმუშავებს). ისიც ნათელია, რომ სომხეთი, როგორც არ მონაწილეობდა, ისე ვერც (თუ არც) ახლა იღებს მონაწილეობას სამხრეთ კავკასიაზე გამავალ სატრანსპორტო თუ ენერგეტიკულ დერეფნებში, სხვათა შორის, თუ ადრე მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქეთის ფაქტორებიდან გამომდინარე, ახლა ამას რუსეთის ფაქტორიც დაემატა და კაცმა რომ თქვას, ისიც უცნაურია, რატომ არ უმართავს ხელს ერევანს თეირანი. ამდენად, როგორც დასაწყისში შევნიშნე, შესაძლოა, სომხეთისთვის ერთგვარი გამოსავალიც იყოს (მაგალითად, ყურადღების მისაქცევად) არეულობის შემოტანა სამხრეთ კავკასიაში.
ამის პარალელურად კი, თუ ფაშინიანის მოტივები გასაგებია (მე რომ მკითხოთ, არც ისე გასაგებია, როდესაც სასწორზე შენი ქვეყნის ბედია შეგდებული), გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის მოტივები. ეს უკანასკნელი ისე აშკარად ეკეკლუცება (ცხადია, პოლიტიკურად) საფრანგეთს, რომ ანაზდად ისევ ფრანგი მოხელე გეგონება. ასე, მაგალითად, ახლახან ქ-ნმა ზურაბიშვილმა „თვითერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა შემდეგი: „ევრომაიდანმა ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში.“
ძნელი წარმოსადგენია, ქ-ნ ზურაბიშვილს (სხვათა შორის, სწორედ იმიტომაც, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მოხელედ მსახურობდა), არ ესმოდეს „ევრომაიდნის“ მნიშვნელობა და ისიც, რომ უკრაინის დღევანდელ მდგომარეობას ყველაფერი ჰქვია, გარდა „დგომისა“. აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: რით ვერ ამოვიდა საფრანგეთის ვალიდან?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან