მაძიებელი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ანუ მოცლილი მოუცლელი
მაშინ, როდესაც საფრანგეთი, ისევე, როგორც დანარჩენი ევროკავშირი, ზედაც – დიდი ბრიტანეთი აქტიურად ადევნებენ თვალს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას (ბუნებრივია, არ შფოთავენ, ძირი ეთხრება და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშიაო), საფრანგეთის მორიგი პრემიერ-მინისტრი (ვფიქრობ, მისი გვარ-სახელი დიდს არაფერს გვეტყვის, მაგრამ მაინც დავწერ: სებასტიენ ლეკორნიუ) გადადგა (უნდობლობა გამოუცხადეს). გადადგომაში, ცხადია, უცნაური არაფერია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან პოსტზე მხოლოდ ერთ თვეს დაჰყო და მთავრობის სხდომის მოწვევაც კი ვერ მოასწრო, ვითარება, მართლაც, უცნაურია.
უფრო უცნაური კი ამ ამბის პრეისტორიაა. სახელდობრ, იმანუილ მაკრონმა 2024 წლის ზაფხულში ახალი არჩევნები დანიშნა, რის შემდეგაც საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია (ამდენად, მართლაც, გასაოცარია მისი ასეთი მოუცლელობის ჟამს საქართველოთი მოცლილობა). 2024 წლის ივლისში პოსტიდან გადადგა მაკრონის კადრი პრემიერი, ის სექტემბერში სხვა პრემიერ-მინისტრმა შეცვალა, რომელიც პოსტზე მსოლოდ ორ თვეს დარჩა (მასაც უნდობლობა გამოუცხადეს), ხოლო ის შეცვალა პერსონამ, რომელმაც უკვე 2025 წლის სექტემბრამდე გაძლო (მასაც უნდობლობა გამოუცხადეს). სექტემბერში კი ზემოხსენებული ბატონი დაინიშნა, რომელმაც, ასევე, დატოვა თანამდებობა.
ბუნებრივია, საფრანგეთი რამენაირად თავად მოუვლის თავის საშინაო პრობლემებს (მით უმეტეს, თუკი მოუცლელი ბ-ნი მაკრონი საქართველოსთვის თვალყურის დევნებისთვისაც იცლის) და, ბოლოს და ბოლოს, იპოვის პრემიერ-მინისტრს („სულიკოს“ ხომ არ ეძებენ?!), რომლისადმი ნდობაც კარგა ხანს გასტანს, მაგრამ მე ის უფრო მაფიქრებს, ვაითუ, ასეთი პრემიერ-მინისტრის ძიების პროცესში ბ-ნ მაკრონს ქართულ დემოკრატიაზე დაკვირვების დრო აღარ დარჩეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან