რატომ სუსტდება აშშ-ს გავლენა სამხრეთ კავკასიაში და რატომ აღარ განიხილავს აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია კავკასიასა და შუა აზიას ინტერესების სფეროდ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.11, 2023 წელი

კავკასიისთვის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ჯერჯერობით აქტიურ ფაზამდე არ მისულა, თუმცა აშკარაა დაინტერესებული მხარეების განსხვავებული მოტივები და მიზნები. ერთი მხრივ, ჯიუტად გვეპატიჟებიან „სამს პლუს სამის“ ფორმატში, მეორე მხრივ, თურქეთი აქტიურად მკვიდრდება ჩვენს რეგიონში და არანაკლებ აქტიურად უპირისპირდება კონკრეტულად აშშ-სა და, ზოგადად, კოლექტიურ დასავლეთს, მესამე მხრივ, რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტი ოჩამჩირემდე მოგვიჩოჩა, იმას გარდა, რომ კვლავ აქტიურობს მცოცავი ანექსიის მიმართულებით. შექმნილ არც თუ მარტივ ვითარებას ვახტანგ მაისაიასთან ერთად მიმოვიხილავთ.
– ჯერჯერობით პოლიტიკური გადაწყვეტილებები და განცხადებები ისმის სამხრეთ კავკასიის შესახებ, იქნებიან პარტნიორები, მტრები თუ უბრალოდ, მეზობლები, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად გადაიზრდება მოქმედებაში. რა ტიპის ქმედებებში შეიძლება, გადაიზარდოს ამდენი ინტერესის შეჯახება?
– სიტუაცია საკმაოდ განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ახალი „ცივი ომის“ პერიოდში. სრულიად შეიცვალა გეოპოლიტიკური ცვლადების კონტექსტი; თუნდაც, ის მიუღებელი განცხადება, რაც გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, პუტინი და სი ძინ პინი რომ ერთ დონეზე დააყენა და თქვა, რომ ორივენი უნდა გასამართლდნენ. როგორ შეიძლება, ერთ დონეზე დააყენო პუტინი, რომელიც საერთაშორისო დამნაშავეა და სი ძინ პინი, რომელთანაც მოლაპარაკებებს მართავს ჯო ბაიდენი, ასევე, შარლ მიშელი და საქართველოსაც გარკვეულწილად აქვს სტრატეგიული მეგობრობა ჩინეთთან. მგონი, ჩვენებური ლიბერალური დაჯგუფებები დაემსგავსნენ გოგოლის პერსონაჟ პლუშკინს, რომელმაც დაკარგა რეალობის აღქმის უნარი. ასეთია, სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული ლიბერტარიანიზმის ნამდვილი სახე. ასეთი განცხადებები, ბუნებრივია, ასახვას პოვებენ საქართველოს მდგომარეობაზე, რომელიც, ფაქტობრივად, მარტოა საკმაოდ რთულ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების გარემოში, საქართველოს გეოსტრატეგიული გარემო მეტად მოწყვლადია და, შესაბამისად, როდესაც არის „სამს პლუს სამის“ ფორმატი და საქართველო პირისპირ რჩება ისეთ რეგიონულ ჰეგემონებთან, როგორებიც არიან რუსეთის ფედერაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის მოკავშირეა და თურქეთის პოზიციაც ძალიან გაურკვეველია და შორსაა დასავლეთის ინტერესებისგან, სიტუაცია უფრო რთულდება. როგორც ჩანს, დასავლეთიც არ არის ერთგვაროვანი, ევროკავშირსა და აშშ-ს აქვთ განსხვავებული მიდგომები და თვითონ ევროკავშირის შიგნითაც საკმაოდ განსხვავებული პოზიციებია. იგივე სლოვაკეთი, უნგრეთი, სხვებიც ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოზიციას. ბრიტანეთი საერთოდ ჩუმადაა და რადარებს მიღმა. გაურკვეველია ბრიტანეთის როლი და ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და, მით უმეტეს, კავკასიაში.
– თუმცა მიიჩნევა, რომ ბრიტანეთმა გადაინაცვლა ახლო აღმოსავლეთისკენ, თავისი ძველი გავლენის სფეროებზე ისევ გავლენის მოსაპოვებლად.
– ბრიტანეთს არ ეტყობა, რომ ახლო აღმოსავლეთში რამეს წყვეტს და თავის სტატუსს იბრუნებს. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ასევე, გაურკვეველია, რა თამაშს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პოზიციები დღითი დღე სუსტდება კავკასიაშიც და ცენტრალურ აზიაშიც, იმიტომ რომ ბლინკენის ვიზიტი, რის მიზანიც იყო შუა აზიის სახელმწიფოების გაერთიანება ხუთი პლუს ერთის ფორმატში, ჩავარდა. აშშ-ს იმითაც ურთულდება მდგომარეობა, რომ ეწყებათ საარჩევნო პერიოდი და, აქედან გამომდინარე, აღარ ეცლებათ მსოფლიო პოლიტიკური პროცესებისთვის, იმიტომ რომ იქ იმავე ტრამპისა და ტაკერის ტანდემი საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა დღევანდელი ამერიკული გერონტოკრატიული ადმინისტრაციისთვის, რომლის ლიდერმა ბაიდენმა, მგონი, ბრეჟნევსაც გადაუსწრო.
- რას მოვესწარით ამას?! მართლაც, კატასტროფაა.
- დიახ, ბრეჟნევსა და ჩერნენკოსაც კი გადაუსწრო. როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო პრობლემა ელიტები და კადრები, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც იგივე პრობლემა აქვს – ელიტებისაც და კადრების სრული დეფიციტიცაა. ახალი კადრები არ ჩანს და ვინც ჩანს, ისეთი სუსტია, რომ ცალკე საუბრის თემაა, ამერიკას რა ბედი ელის. უბრალოდ, გეოპოლიტიკური ფონი აღვწერე და ამ ფონზე ჩინეთთან პირდაპირი კონფრონტაციის მცდელობები გაუგებარია, თან, მაშინ, როდესაც აშშ ჩინეთთან პირდაპირ ამყარებს ურთიერთობას, ქვეყანას საით უბიძგებენ ჩვენი ლიბერალები, მიჭირს თქმა. ჩინეთი დღეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია რუსეთის ფედერაციის გაწონასწორება და მასთან გარკვეულწილად მკაცრად დალაპარაკება, მით უმეტეს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები აღარ ემთხვევა ერთმანეთს. მეტიც, კონკურენტულია და ურთიერთსაწინააღმდეგო. როგორც კი გამოიკვეთა ანაკლიის პორტის სინგაპურისა და ჩინეთის კომპანიისთვის გადაცემა, რუსეთმა აამოქმედა ხისტი ძალა: ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გახსნა გამოაცხადა. რუსეთის ეს გადაწყვეტილება, ხომ, ანაკლიის პორტს უკავშირდება?! იმავდროულად, გეოეკონომიკური ომებიც დაიწყო, თუმცა მსოფლიოს სამივე პოლიტიკური ძალა აღარ არის ისეთი, როგორებიც თავის დროზე, ბიპოლარულ პერიოდში, საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ, ახლოსაც ვერ მიდიან მათთან, მაგრამ დღევანდელი სუსტი სახელმწიფოები, ჩინეთი, აშშ და რუსეთი, ჯერ კიდევ აბალანსებენ მსოფლიოს მყიფე პოლიტიკურ წესრიგს, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ აი, ამ გარემოში სამივემ, ფაქტობრივად, შეიმუშავა თავისი დიდი გეოეკონომიკური პროექტები.
რუსეთის პროექტია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფანი, რომელიც მოიცავს სანკტ-პეტერბურგის და მუმბაის მიმართულებას. ამავე დროს რუსეთს აქვს არქტიკის დიდი გეოეკონომიკური პროექტის იდეაც;
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა ამერიკული ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტი, რომელიც გულისხმობს ჰოლანდია-საბერძნეთიდან დერეფნის გაჭრას მუმბაის მიმართულებით; ესეც რუსეთის პროექტის კონკურენტია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის ახლო აღმოსავლეთი, სპარსეთის ყურე. ამერიკელებმა ამ პროექტში არ გაითვალისწინეს კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულება და, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ რეგიონს გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან სივრცედ არ განიხილავს.
ჩინეთის პროექტი ყველასთვის ცნობილია; ერთი სარტყელი – ერთი გზა, რომელშიც, ბუნებრივია, შუალედური დერეფნის სახით იგულისხმება ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მიმართულება და ეს არის ერთადერთი პროექტი, სადაც საქართველო თავისი საერთაშორისო სტატუსითაა წარმოდგენილი.
ამავე დროს საქართველო მოიაზრება რუსეთის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის სივრცეში, ოღონდ იძულებითი ჩართვით. ამდენად, ჩვენთვის მისაღებია ჩინეთის პროექტი და მისი შუალედური დერეფანი, ანუ კავკასია-კასპიისპირეთის რეგიონული თანამშრომლობის მოდელი და უცნაურია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გეოეკონომიკურ პროექტში საქართველო არ მოიაზრება.
– და უცნაურია, ალბათ, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარეც. სამხრეთ კავკასიას აქვს თავისი გეოპოლიტიკური დატვირთვა იმავე ახლო აღმოსავლეთზე გავლენისთვის.
– ასევე, ჩანს, რომ ამერიკელები სამხრეთ კავკასიაში ფეხს ვერ იმაგრებენ და ჩანს მათი უკან დახევის ტენდენციები. იხურება პროამერიკული არასამთავრობო სექტორები, დაფინანსება უმცირდებათ. ამის ერთგვარი დასტურია ლიბერტარიანული მასმედიები რომ ერთმანეთს დაერივნენ და უკვე ისიც კი გაუგებარია, ისევ თუ არსებობს პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი. აქედან გამომდინარე, საქართველოში უფრო რუსული და ჩინური პოლიტიკური ძალების დაპირისპირება შეიმჩნევა.
– თქვით, რომ შესუსტდა პროდასავლური არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური ჯგუფებიც თითქოს გაქრნენ, იმიტომ რომ დაფინანსება შემცირდა. ანუ მთელი მათი პროდასავლურობა იყო დაფინანსების შედეგი და არა მათი დასავლური არჩევანი? მე რომ შინაგანი მოწოდება მაქვს დასავლური ტიპის ინსტიტუციებისადმი, იმ პოლიტიკის გასატარებლად დაფინანსება რაში მჭირდება? მე დასავლური ღირებულებები იმიტომ კი არ მინდა, რომ ფულს მომცემენ, იმიტომ რომ იყოს თვითმმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო, სოციალური სამართლიანობა...
– დიახ, ჩემს გულში იჯექით. ვიზიარებ თქვენს ამ მოსაზრებას. მე, უბრალოდ, გული მტკივა, რომ, თუნდაც, ამერიკული გავლენები მცირდება, თუმცა ჯერჯერობით ჩანს ევროკავშირის ინტერესები საქართველოსადმი. აქ უფრო მეტი ინტერესი შეიძლება, ჰქონდეთ საფრანგეთს, პოლონეთს, გერმანიას, ვიდრე ამერიკას და ბრიტანეთზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ამ ევროპულ სამეულს, რაც ჩამოვთვალე, აქვს კავკასიური ინტერესი, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი, სამწუხაროდ, ძალიან სუსტი პოზიციები აქვს და დღეს, მით უმეტეს, როდესაც 2024 წელს პოლიტიკური ცუნამი მიდის ამერიკაში და გაურკვეველია, რომელი ჯგუფი გაიმარჯვებს. იკვეთება, რომ ძლიერი პოზიცია აქვთ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც ემხრობიან იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ამერიკის ჩართულობას რეგიონულ საკითხებში.
– მე ასე ვხედავ, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს დანარჩენი ცენტრებისთვის, რათა მისი მოწინააღმდეგის გავლენები არ გაიზარდოს, თუ თავის გავლენებს ვერ ამყარებენ, ხელსაყრელია არეულობა საქართველოსა და ამ რეგიონში.
– კი ბატონო. ამერიკელების ინტერესები საერთოდ გამქრალია. შეიძლება, ამას იმან შეუწყო ხელი, რომ ქართული მმართველი ძალა დაუპირისპირდა ამერიკას, ესეც იწვევს ერთგვარ კოლიზიას და, როგორც ჩანს, ვერც ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სწვდება იმ მასშტაბებს, რაც იყო ჯორჯ ბუშისა თუ იმავე ობამას პერიოდში. ამიტომ დღეს, მე ვიტყოდი, გეოპოლიტიკურ ვაკუუმში ვიმყოფებით. უფრო მძლავრობს ევროპული მიმართულება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც უფრო ახლობელია ევროპული იდენტობა, ვიდრე ამერიკული ორიენტაცია. ევროკავშირი ჩვენთვის უფრო ოპტიმალური ვარიანტია და ჩინეთიც – საკმაოდ მძლავრი ეკონომიკური პარტნიორი. აი, ასეთი საინტერესო ევროჩინური გეოპოლიტიკური სხივები იკვეთება ჩვენს გეოსტრატეგიულ გარემოში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან