პოლიტიკა

ლენინის მოტრფიალეები

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.03, 2021 წელი

ლენინი
დაკოპირებულია

ანუ წითელ არმიას ებარებოდეთ

სიძულვილი, თან, უპირობო, მაშასადამე, ბრმა, ფრიად ცუდი რამაა, ვინაიდან განსჯის უნარს სრულიად აკარგვინებს და ამის დასტური ჩვენებური აფხაზი სეპარატისტები არიან (არადა, მოგეხსენებათ, რუსეთის იმპერიამ ყველაზე ბოლოს, სწორედ, აფხაზეთის სამეფო დაიმორჩილა, მეორე – დამნაშავე ერად გამოაცხადა და, ნაწილი საერთოდაც, გაასახლა აფხაზეთიდან). ჰოდა, რაკი არიან, ჩვეულებისთვის არც ამჯერად უღალატიათ და 4 მარტს გუდაუთაში წითელი არმიის შემოსვლა იზეიმეს (ჭეშმარიტად – ვაი, მათ პატრონს!).

მოგეხსენებათ, 1921 წლის 17 თებერვალს საქართველოში ფსოუდან რუსეთის მე-9 წითელი არმია შემოიჭრა (აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო, რაც 1920 წლის მაისის ხელშეკრულებით თვით წითელ რუსეთსაც ჰქონდა აღიარებული). ქართულმა არმიამ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გაუწია მომხდურებს: ბრძოლები მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს საზღვარზეც, ანუ ფსოუზეც, სოხუმშიც და თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში, მაგრამ აფხაზეთში 4 მარტს, ვაი რომ, საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, დანარჩენმა საქართველომ 18 მარტამდე გაძლო...

ჰოდა, აი, იმ 4 მარტის აღსანიშნავად გუდაუთაში ნესტორ ლაკობას ძეგლი ყვავილებით შეამკეს, ერთმა გამომსვლელმა (კერძოდ, გუდაუთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა) განაცხადა, რომ 4 მარტი ფრიად საკრალური დღეა დე-ფაქტო აფხაზეთისთვის: 2010 წლის 4 მარტს „ჩვენთვის ღვთის მიერ ბოძებული“ ვლადისლავ არძინბა მიიცვალა, ხოლო 1949 წლის 4 მარტს მეორე „პრეზიდენტი“ სერგო ბაღაფში დაიბადაო. სხვა გამომსვლელმა „ისტორიკოსმა“, მავანმა სალაყაიამ კი ბრძანა, რომ გასაბჭოებამდე აფხაზეთი საქართველოს ჯარების მიერ იყო ოკუპირებული, რუსეთის წითელმა არმიამ კი გაათავისუფლა და სახელმწიფოებრიობა აღუდგინაო...

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, ვინაიდან ზემოთქმული ფსიქიატრების კომპეტენციაა (კაცმა რომ თქვას, იქნებ აჯობებდა კიდეც, რომ რუსეთის იმპერიას, თავის დროზე, ისინი სრულად გაესახლებინა, ჩვენი სამკურნალოები მაინც აღარ იქნებოდნენ).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა