ლეგიტიმური საბაბი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 03.06

ანუ იმედების ამარა
მას შემდეგ, რაც სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაურკვეველი შედეგით დასრულდა და პროცესშივე განაცხადეს, ჯერ დონალდ ტრამპმა, მის კვალდაკვალ კი – მარკო რუბიომ, რომ ამ ომს არაფერი ეშველება, თუ ტრამპი და პუტინი არ შეხვდებიან ერთმანეთს, პირადად მე გამიჩნდა ეჭვი, რომ ამით აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტების შეხვედრას ფრიად და ფრიად ლეგიტიმური საფუძველი შეექმნა.
შესაბამისად, თქმა და ქმნა ერთი იყო, თუმცა ჯერ მხოლოდ სატელეფონო საუბარს დასჯერდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ორ საათს ისაუბრეს და ამ პროცესით ორივე კმაყოფილი დარჩა, ოღონდ უცნაური ის გახლდათ, რომ დონალდ ტრამპს, როგორც თავად გვაცნობა, საუბრისას მელანია ტრამპი უხსენებია და ფრიად კმაყოფილიცაა, პუტინს ის მის ცოლზე ნაკლებად რომ მოსწონს.
ბუნებრივია, მე არ ვიცი, რატომ გახდა აუცილებელი ამ სერიოზულ საქმეში მეუღლის გარევა (პუტინს ის, უბრალოდ, არ ჰყავს, თორემ იქნებ, პარიტეტი დაეცვათ კიდეც), მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არავინ გვეტყვის, რაზე ისაუბრეს და, რაც მთავარია, რაზე შეთანხმდნენ. ხოლო, თუ გავიხსენებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (მარკო რუბიოს) კონგრესის ქვედა პალატის საგარეო კომიტეტში გამოსვლის პრიორიტეტებს (ჩამონათვალში უკრაინაში ომი მეშვიდე თუ მერვე ადგილზეა), ადვილად გამოსარიცხია, რომ აშშ-ისა და რფ-ის პირველ პირებსაც პრიორიტეტებში სულ სხვა საკითხები აქვთ მოხაზული და, რადგან ჩვენთვის მათი გეგმები დაფარულია, იმედი დავიტოვოთ, რომ გავლენების გადანაწილების სქემის სისხლიან ნაწილში არ მოვყვებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან