კონსტიტუციის ხაფანგი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:57 10.03
ანუ დანაყრებული სამართალი
მაშინ, როდესაც აშშ-ის ხელისუფლება საგონებელშია, ბოლოს და ბოლოს, თავს დაესხას ირანს, რომ იხსნას ირანელი ხალხი აიათოლების მსახვრალი ხელიდან და დააყენოს ჭეშმარიტების, ანუ დემოკრატიის გზაზე, თუ ისევ შიდა არეულობით სცადოს ირანული რეჟიმის დამხობა თუ შეცვლა (როგორც გაგიხარდებათ, ისე თქვით), აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო – არ იკითხავთ, რა?! დიახ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემოღებული სასაზღვრო ტარიფები (სულო ცოდვილო და, ტარიფების დაწესებით მუქარა და შემდეგ მათი დაწესება, ვაი რომ, მეტად ჰგავდა ლ;უარსაბის მიერ ბიჭების დაწიოკების სქემას).
ჰგავდა თუ ზუსტად იმეორებდა, აშშ-ის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ დაადგინა, რომ, აშშ-ის კონსტიტუციით, ამ ამბის ჰქმნა აშშ-ის მხოლოდ და მხოლოდ კონგრესს შეუძლია. სავარაუდოდ, სამართალიც დანაყრდა (ანუ პური ჭამა) და აწი ტარიფდაწესებულებიც ამოისუნთქავენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, საპასუხოდ რას მოიმოქმედებს ტარიფების დამწესებელი, ანუ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია.
ხოლო, თუ გავიხსენებთ. რომ, აშშ-ის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის რწმუნებით, უკანონო ტარიფები გასული წლის მეოთხე თვიდან მოქმედებს, კითხვათა კითხვაა, იმ გაზრდილი ტარიფებით შემოსული ფული ადრესატთან დარჩება თუ მაინც პირვანდელ პატრონებს დაუბრუნდება?!
თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა აშკარა, რომ დონალდ ტრამპის მორალი და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს მოსაზრებები, მაშასადამე, აშშ-ის კონსტიტუციის ნორმები ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობენ. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეგრეთ წოდებული, მშვიდობის საბჭოს აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს ფუნქციად კონტროლიც კი განუსაზღვრა, არც ისაა გამორიცხული, ლუდოვიკოს გზასაც დაადგეს და საკუთარი თავი თვით კონსტიტუციის თავად შერაცხოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





