შოუბიზნესი

ხვიჩა მაღლაკელიძე: ჩემი მეუღლე ცოტა მაბალანსებს თავისი ხასიათით, თორემ გადავწვავდი სახლ-კარს

№4

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 01.02, 2022 წელი

ხვიჩა მაღლაკელიძე
დაკოპირებულია

18 იანვარს მუსიკოს-შემსრულებელი ხვიჩა მაღლაკელიძე 46 წლის გახდა. ცოლმა კი ამ წელს, როგორც თავად ამბობს, ნამდვილად საჭირო სიურპრიზი გაუკეთა. ფაქტია, გარდა იღბლიანობისა მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას. ამასთანავე, დაბადების ზოდიაქოსაც, რომლის წყალობითაც არ უჭირს, როცა საჭიროა, ცეცხლი აფრქვიოს და რქებითაც მიაწვეს ცხოვრებას.

ხვიჩა მაღლაკელიძე: ჩემი დაბადების დღე სოციალურმა ქსელმა შემაყვარა. უამრავი ადამიანი მწერს და მილოცავს. მიუხედავად იმისა, რომ დამეტყო ასაკი ქოშინზე, ფეხით სიარულის დროს სიზარმაცეზე, კვახივით რომ ვარ – მუცელი მეზრდება და ყუნწი მიხმება, მაინც არ ვმალავ ჩემს ასაკს – 46 წლის გავხდი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. იცით, როგორ? პატარა ბავშვი რომ სკოლის გახანგრძლივებულში ელოდებოდა, რა იქნებოდა სუპის მერე, კატლეტი თუ გუფთაო, ისე ველოდები მეც ჩემს დაბადების დღეს. კაი-კაი სიურპრიზები „იჩითება“ ჩემი მოსწავლეებისგან და ისინი მანებივრებენ თავისი ხელნაკეთი ნივთებით. ჩემი ცოლი ყოველ დაბადების დღეზე სიურპრიზებს მიკეთებს და წელსაც მაჩუქა კალათა ჩემი საყვარელი დელიკატესებით – თავისი ხიზილალებით, ლორებით, ტკბილეულით, ძეხვებით – რაც არ მეჭმევა და მასუქებს და თან, სარბენი ბილიკიც მოაყოლა (იცინის). ის დელიკატესები კი მივირთვი და სარბენი ბილიკი სამსახურში წავათრიე, იქ მაინც ვივარჯიშებ, აბა სახლში არასოდეს ვარ და... ასე რომ, ცოლმა ამ დაბადების დღეზე ჯანსაღი ცხოვრების წესი მაჩუქა. ადრე კი, იცით, როგორი დაბადების დღეები მქონდა? 7 საათზე რომ უკვე ლოგინში ვიწექი, ხელი რომ არ შემეშალა. მოკლედ საქეიფო მიზეზი მე ვიყავი და ჩემი ოჯახის წევრები და სანათესაო-სამეზობლო ქეიფობდა. პირველი დაბადების დღე დედამ რესტორანში გადამიხადა 90-იან წლებში, როცა 20 წლის გავხდი. უბედნიერესი ვიყავი. არ დამავიწყდება ჩემი მეგობრები, მათ შორის, ნინო ქათამაძე და კახუჩელაც იქ იყვნენ. ჩემი დაბადების დღის მეორე დღე კი ნათლისღებაა და ისევ იწყება რეკვები ნათლულებისგან, მილოცვები და „პახმელიიდან“ ვერ გამოვდივარ (იცინის).

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ნათლული გყავს. ყველასთან გაქვს ურთიერთობა?

– 27 ნათლული მყავს და სამოთხეში ისე შემაგდებენ წიხლით, არც შემეკითხებიან ვინ ვარ და რა რჯულის (იცინის). ყველასთან ვერ მაქვს კონტაქტი, თუმცა, უმეტესობა თვითონ მირეკავს. თან, რომ მირეკავენ, ევრ ვიხსენებ ზოგს და ვეკითხები: შენ რომლის ხარ? (იცინის) ასე რომ, სიკვდილის არ მეშინია, ათასი წლის მერე სამოთხე გარანტირებული მაქვს.

– ახლა, ამ გადასახედიდან, რა გზა გაიარე დღევანდელობამდე?

– ზუსტად იმავეს გავივლიდი, რა გზაც გამოვიარე, არცერთ წამს არ შევცვლიდი. უბრალოდ, თუ ვინმეს ვაწყენინე, იმ სიტუაციებს ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან. თუმცა, ბევრჯერ წყენას დიდი სიხარული, მეგობრობა და ბედნიერებაც მოჰყოლია და ვფიქრობ, იმ წყენად ღირდა. ჩემს შემთხვევაში წყენები გამოცდასავითაა.

– სოციალურ ქსელში დაწერე, ცრურწმენების დიადი ტრადიციების გამგრძელებელი ვარო. თუმცა, ნაძვისხე აივნიდან გადააგდე და არ იცი, რომ ცრურწმენის მიხედვით, ნაძვისხის განაწყენება, გადაგდება და გაბუტვა არ შეიძლება?

– ცრურწმენების დღემდე მჯერა. მაგალითად, თუ ქუჩაში ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელიც არ მსიამოვნებს, უნდა ვიპწკინო ერთ ადგილას, რომ მისი თვალი არ მეცეს. ან მარილი რომ დაიბნევა სახლში, მიდის ზემოდან თაფლის დასხმა, შაქრის და ყველანაირი ტკბილის მოყრა, ფაქტობრივად, ნახევარი ჩემი ხელფასი, ამ ცრურწმენაზე მიდის (იცინის). რაც შეეხდება ნაძვის ხეს, იმიტომ გადავაგდე აივნიდან, რომ კარში ვერ გაეტია. ქვემოთ დახვდა ჩემი ბიჭი, ლამაზად მიასვენა სანაგვე ურნამდე და ჩაასვენა. ალბათ, ერთი-ორი კურცხალიც მიაყოლა, არ დამინახავს (იცინის). ზუსტად ასე, თოკგამობმული ავიტანე მეოთხე სართულზე, არ შემოეტია. რომ არ გადამეგდო, არ შეიძლებოდა – ბათუმიდან მოვდიოდით და რომ დამეტოვებინა, აღდგომამდე იდგებოდა, ვინ აიღებდა? სხვათა შორის, ასლან აბაშიძე ბათუმში ცენტრალურ მოედანზე დადგამდა ულამაზეს ნაძვისხეს და ხალხს ისე უხაროდა, აპრილამდე არ იღებდნენ, თითქმის ექვსი თვე ახალი წელი იდგა. იღებდნენ სურათებს, ფაქტობრივად, მავზოლეუმის ფუნქციას ითავსებდა (იცინის). ლენინიც ასე არ იყო? მის სატირლად იმდენი ხალხის ჩამოსვლას ელოდებოდნენ, არ დამარხეს, ზამთარი იყო და ეგდოსი. ჰოდა, დღემდე აგდია (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და, წელს გერმანული ახალი წელი მქონდა. ზოგადად, ყოველ წელს ვცდილობ, სხვადასხვა ქვეყნის ახალი წელი მქონდეს. ასე ვიმრავალფეროვნებ დღესასწაულს. წელს არ გავაკეთეთ ინდაურის საცივი – ამოვიდა ყელში, არ ჭამს არავინ და არის მერე ხვეწნა – აბა ჭამე. საწყალ ინდაურს, რომ სცოდნოდა ასეთი ბედი ეწეოდა, ან თავს მოიკლავდა და ან კვერცხიდან არ გამოვიდოდა (იცინის). ამიტომ, წელს გავაკეთეთ ბავარიული შტოლერი, ანუ ეს არის ტკბილი კვერი და საცივისა და ინდაურის ნაცვლად, რადგან წელს უოლტ დისნეის 120 წლის იუბილეა, მის პატივსაცემად იხვი გვქონდა სუფრაზე. ასე რომ, გერმანული ახალი წლით „მაინ კამფის“ მეორე ნაწილის დაწერა არ დამიბედებია, მაგრამ სიხარული და ბედნიერება დავიბედე. თან, 2 რიცხვში, ბედობას, რაღაცას ვყიდულობთ, შეძენა რომ დაგვებედის. 30 ოქტომბერს ჩემს ბიჭს ჰქონდა დაბადების დღე და ის ტელეფონი ვერ ვუყიდეთ, რომელიც მას უნდოდა. შევპირდით, როგორც კი მაღაზიაში გამოჩნდება, გიყიდითო და 30 ოქტომბრის საჩუქარი, 2 იანვარს, ბედობას ვუყიდეთ (იცინის).

– ესე იგი, გერმანულად მოიახალწლევე ბათუმში, ბედობას ახლის ყიდვაც დაიბედე, ჩამოხვედი თბილისში და აქტიურად შეუდექი მუშაობას?

– ზუსტად ასეა. გერმანული ახალი წლის დღესასწაული მოვათავე, დავიდგი კაბინეტში სარბენი ბილიკი, თან გიჟივით ვვარჯიშობ და თან, გიჟივით ვმუშაობ. დრაკონის წელში დაბადებული თხის რქა ვარ, თუ დამჭირდა, ცეცხლებსაც ვისვრი და რქებითაც ვაწვები ცხოვრებას. ისეთი დრო დადგა, ჩემი ჰოროსკოპი მშველის, ხან ცეცხლს ვუშვებ და ხან რქებით ვაწვები. თან, ჩემი მეუღლე ვერძია და ცოტა მაბალანსებს თავისი ხასიათით, თორემ გადავწვავდი სახლ-კარს. ვერძისა და თხის რქები ერთმანეთს ეჯახება და „ორთქლს“ სახლში ვუშვებთ, გარეთ კი ვართ ურა, ვაშა, მრავალჟამიერ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა