პოლიტიკა

ხორბალი – იქა, ფქვილი აქა

№51

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 26.12, 2023 წელი

ხორბალი
დაკოპირებულია

ანუ ღვინით გამაძღრები?!

რფ-ის მინისტრთა კაბინეტის თავკაცის (მიშუსტინი) გადაწყვეტილებით, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი დროებით აიკრძალა. მიზეზებად სასურსათო უსაფრთხოება და შიდა ბაზარზე ფასების სტაბილურობა დასახელდა. აკრძალვა უკვე მოქმედებს და ის 2024 წლის 31 მაისამდე გაგრძელდება. ოღონდ არის დათქმაც, კერძოდ, ხორბალი შეიძლება, უწილადონ დე ფაქტო აფხაზეთსა და უფრო დე ფაქტო „იუჟნაია ოსეტიას“, ხოლო ევრაზიული კავშირის წევრებისთვის კი კვოტები დაწესდა. კერძოდ, ბელარუსისა და სომხეთისთვის – ათას-ათასი ტონის, ყირგიზეთში – საერთო ჯამში, 13 ათასი ტონის, ყაზახეთში – საერთო ჯამში, 34 ათასი ტონის ოდენობით. ამას გარდა, დადგინდა ხსენებულ სახელმწიფოებში ხორბლის გატანის წესიც (მარცვალიც კი აღირიცხოსო!). რფ-ის სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები სიხარულით შენიშნავენ, რომ ამ შეზღუდვების წყალობით, მაკარონის წარმოებას გააფართოებენ და სრულად უზრუნველყოფენ მაკარონიან კერძებზე რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნილებებს. ამის პარალელურად კი, ხორბლის ნათესების ფართობსაც წლიდან წლამდე გაზრდიან.

მეორე მხრივ, ისიც გვეცნობა, რომ ხორბლის გატანის შეზღუდვა მოსკოვს იმანაც გადააწყვეტინა, რომ ამა წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა (657 ათას ტონას მიაღწიაო), ხოლო, რაკი საბაჟო გადასახადი არც თუ დიდია, შემოსავალიც ფრიად არაშთამბეჭდავი (ანუ გვირჩევნია, ჩვენებურ მაკარონებს მივხედოთო). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რფ-მ კეთილშობილის პოზაც მოირგო: აკრძალვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას არ შეეხება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევრაზიული კავშირის წევრი არ არის, ცხადია, აკრძალვა ჩვენც შეგვეხება, თუმცა ჩვენ კაი ხანია, თვითაკრძალულები ვართ, ვინაიდან ქვეყანაში შემოგვაქვს ფქვილი და არა – ხორბალი (მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი უფრო იაფი დაგვიჯდებოდა). და თუმცა, ვფიქრობ, უმეტესობას (ოღონდ ემოციურად) არ მოეწონება, რასაც ახლა დავწერ, თუ გავიხსენებთ, რომ ხორბლის თემა თან სდევს რუსეთ-უკრაინის ომს, ანუ რუსეთ-დასავლეთის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას და, რაც მთავარია, პური უმთავრესი პროდუქტია, განსაკუთრებით, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ამიხსნია, რატომ არ აფინანსებს ეს ჩვენი სახელმწიფო ხორბალს და რატომ მიაბჟირდა მხოლოდ ყურძენს?! ვითომ ღვინოც აძღობს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი