ხელმოცარულობის სინდრომი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 03.12, 2024 წელი
ანუ 90-იანების ექო
გასული კვირის მიწურულს დედაქალაქში „ქალთა მარში“ გაიმართა. მართალია, ქალთა ჰქვია, ანუ პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს, თუმცა მისი ორგანიზატორები „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „კოალიცია ძლიერი საქართველო“, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ არიან (ანუ პოლიტიკა ჩემი არსობისა).
მარშის ლაიტმოტივი შემდეგნაირია (მოვიტან ციტატას): „ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ ჰყავდეს საზღვარგარეთ წასული. სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო ოჯახები გახლეჩილია: მშობლებს შვილები ენატრებათ, შვილებს – მშობლები. თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში.“
პათოსი, მართლაც, სულისშემძვრელია, იმიტომ რომ გასული საუკუნის 90-იანებიდან მოყოლებული თაობები გაიზარდნენ დედებისა და ბებიების გარეშე (ოღონდ, ამის წყალობით, ნაჭამ-ნასვამები და ჩაცმულ-დახურულები), მეორე მხრივ კი, ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ოჯახების მიერაა მიღებული და, ფაქტია, არც თუ დალხენილი ცხოვრების გამო, თუმცა ისეთებიც არიან, არც თუ დალხენილი ცხოვრების გამო აქ რომ დარჩნენ და რჩებიან. ქალთა მარში იქით იყოს (პოლიტიკური მოტივი გასაგებია, ემიგრაციის გულის მოგება), მაგრამ ნებისმიერი ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს და ის და მხოლოდ ისაა პასუხისმგებელი ამ არჩევანზე, ხოლო, რაკი ზემოთქმული, მართლაც, დიდი პრობლემაა, მხოლოდ იმას ვიტყვი (არც თუ სასიამოვნო მოსასმენს, მაგრამ დადასტურებულ ფაქტს), რომ ადამიანი, საზოგადოება თუ ერი ყოველთვის ხელმოცარული იქნება, სანამ დამნაშავეებს გარეთ ეძებს და მისთვის დამნაშავეა ყველა (ხანდახან ამინდიც კი), საკუთარი თავის გარდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან