პოლიტიკა

ხაფანგში გამოჭერილები

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 04.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ადამიანური ლოგიკის მიღმა

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ევროკავშირი და აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავენ, ეგრეთ წოდებული, „რუსული კანონისადმი“ (ლამის კანიდან ამოხტნენ, თუმცა აქვთ მიზეზი), საკმაოდ თავშეკავებულად შეშფოთებულები შეხვდნენ ვლ. პუტინის ბაქოში ვიზიტს, რომელიც საკმაოდ პომპეზურიც იყო და არათუ ვერაფერი დააკლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის საერთაშორისო იმიჯს, არამედ, პირიქით, ილჰამ ალიევი ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის პირველ პირად წარმოაჩინა (რაც უნდა იქილიკონ ჩვენებურებმა).

შეხვედრა მეტად თბილი და საქმიანი იყო და, რაც მთავარია, როგორც პუტინმა, ისე ალიევმა ბევრჯერ ახსენეს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის 2022 წლის თებერვალში (რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ლამის წინა დღეს) გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულება, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის მოკავშირეა. და თუმცა არც ერთს არ უხსენებია სამხედრო თანამშრომლობა, სამაგიეროდ, აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის ყველა სტრუქტურა თანამშრომლობს.

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, როდესაც პუტინმა აზერბაიჯანული მიწა დატოვა, ალიევმა ბრიქსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენმა მეზობელმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა თავისი არჩევანი გააკეთა და კიდევ ერთხელ გაიბრწყინა დიდ პოლიტიკაში, როგორც სამხრეთ კავკასიის ლიდერმა სახელმწიფომ. მეორე მხრივ, ჩვენი უპირატესობა ყოველთვის არჩევანის მრავალფეროვნება იყო, ოღონდ დროის მიმდინარე მონაკვეთში არჩევანი, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია: რუსეთს ვერ მიემხრობი, იმიტომ რომ ხაფანგში ვართ გაჩხერილი, დასავლეთს კი ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ვჭირდებით, რაც, უდიდესი ალბათობით, ზემონახსენებ ხაფანგში ჩვენს მოხრჩობას ნიშნავს. ადამიანური ლოგიკით, გამოსავალი არ იკითხება, ამდენად, ერთადერთი იმედი ადამიანისთვის მიუწვდომელი ლოგიკაა, რომელმაც ჩვენი ამ მზის ქვეშ დატოვების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა რატომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება თანამემამულეების მოქმედების გათვალისწინებით ჩემთვის უცნობია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა