პოლიტიკა

კეთილდღეობის გოროხები

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 10.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სამხრეთ კავკასიის ბედნიერებისთვის...

იმ მარტივი მიზეზით, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეები ამ ჩვენს სამხრეთ კავკასიაში მიწყობითაა, სულო ცოდვილო და, რაკი მთლად ჩვენი ნებითაც არ გამოგვიცხადებია არც თუ შორეულ იმ 1918-ში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა 26 მაისი, ხოლო შემდეგ ბაქოში აფრინა მისალოცი, ბუნებრივია, იმავე მიზნით.

საქართველოში ტრამპის წერილს ყაველაშვილისადმი ოპოზიციის ლამის ბუნტი მოჰყვა (ცხადია, სიტყვიერი) და ისიც კი დაასკვნეს, რომ ტრამპმა არც კი იცოდა, ვის ულოცავდა. მეორე მხრივ, იცოდა თუ არა, ფაქტია, რომ დონალდ ტრამპმა (ბუნებრივია, წერილი მისი დაწერილი არ იქნებოდა) დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავი მოგვილოცა, როგორც თავად შენიშნა, ეპოქალური თარიღი „ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე“. რაც მთავარია, აღგვითქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულად განაგრძობს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობების გამყარებას; ასე განსაჯეთ, სამომავლოდ აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასაც ელოდება.

მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ყველაზე საინტერესო მაინც ილჰამ ალიევისადმი მიწერილი მისალოცის ის პასაჟია, სადაც ბ-ნი ტრამპი წერს, რომ (მომყავს ციტატა): „დადგა დრო, ავიღოთ ვალდებულებები მშვიდობის მისაღწევად და დავიწყოთ კეთილდღეობის ახალი ერა სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის“. ბუნებრივია, მე არ ვიცი, რამ გამოიწვია ეგზომ გულითადი მისალოცი უსტარები, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ დაპირებული კეთილდღეობის მსხვილ-მსხვილი გოროხები ჩვენს ბოსტნებშიც ჩამოცვივდება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა