პოლიტიკა

ყაზახეთის რიგი

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 18.01, 2022 წელი

ყაზახეთის რიგი
დაკოპირებულია

ანუ დრო შუა აზიის გადანაწილებისა...

პუტინ-ბაიდენის მორიგი მოლაპარაკების წინ, ნებსით თუ უნებლიეთ (არადა – ჩვენ ვიცით, რომ ამ სამყაროში უნებლიეთ არც არაფერი ხდება), ყაზახეთში არეულობა დაიწყო. ოფიციალური ვერსიით, მოსახლეობა გაზის ფასის გაზრდამ აღაშფოთა (სახელდობრ, 11 ცენტი გაორმაგდა). იმდენადაც კი, რომ ერთ ქალაქში დაწყებული პროტესტი ისეთ არეულობაში გადაიზარდა, ყაზახებმა ლამისაა, ქვა ქვაზე არ დატოვონ: თავს ესხმიან მაღაზიებს, პოლიციისა თუ სხვა ადმინისტრაციულ შენობებს, მათ შორის, ტელევიზიას, არბევენ და წვავენ (საქმეც ისაა, რომ ჩამქრობიც კი არავინაა). მთავრობა გადადგა და საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა, თუმცა მოსახლეობა ჯარსაც დაერია (ვერაა კარგი ამბავი), შესაბამისად, დაღუპულები ორივე მხარეს არიან (ფაქტობრივად, ერთ მხარეს – ვინაიდან აქეთაც და იქითაც ყაზახები იღუპებიან).

ჩვენებურები ბჭობენ, რომ ყაზახ ხალხს დიქტატურა მობეზრდა და თავისუფლება მოსწყურდა (სიმართლე გითხრათ, ისევ და ისევ ვერ ვმალავ გაოცებას, ამდენის გადამტანებს კვლავ რომ იდეალების სიწმინდისა გვჯერა, თუმცა არც იმ ვარიანტს გამოვრიცხავ, რომ ეს ყოველივე ჩვენი ინფანტილიზმის, ესე იგი, განუვითარებლობის ბრალია). ცხადია, არცაა გამორიცხული, თავისუფლება მოსწყურებოდათ, მაგრამ, თუ ყაზახეთის ენერგომატარებლების რესურსს გადავხედავთ და იმასაც, როგორ ნელ-ნელა ჩამოაშორა ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთი რუსეთს და ფრიად უმტკივნეულოდ შეამცირა რუსი მოსახლეობის წილი ქვეყანაში (იმის პარალელურად, რომ თავადაც დიდი ფული იშოვა და ძალაუფლებაც მემკვიდრეობით გადასცა თავის ქალიშვილს), თავის მხრივ კი, რუსეთს აქვს პრეტენზია, რომ სწორედ მან შექმნა ყაზახეთი, როგორც სახელმწიფო (ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით და ტერიტორიაც მიუზომა), ხოლო, მესამე მხრივ, შუა აზია ფრიად და ფრიად მნიშვნელოვანი რეგიონია (თან, ჯერჯერობით ნათლად არაა გარკვეული, ვის ეკუთვნის იქ გავლენა), როგორც ჩანს, დღის წესრიგში შუა აზიის საკითხიც დადგა. სცენარი ფრიად და ფრიად ნაცნობია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროტესტი სპონტანურად დაიწყო (რაშიც პირადად მე მეტად და მეტად მეპარება ეჭვი), დაინტერესებული მხარეები (მათი სპეცსამსახურები) შესაძლოა, მერეც ჩაერთვნენ (ეს ჩვენ არ გვაქვს გეგმები, თორემ სახელმწიფოებს წინდაწინ აქვთ განსაზღვრული ამა თუ იმ მიმართულებით მოქმედების ტაქტიკა).

რაც მთავარია – დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი, ხოლო თავად ეს უკანასკნელი (განა ძეგლი?! ბ-ნი ნაზარბაევი) მოსკოვში გაფრინდა. რაც უკვე იყო იმის მანიშნებელი, რომ დახმარებას ითხოვდა და ყაზახეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რუსის ჯარსაც ვიხილავთ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკებების პროცესში ბევრი ნაფოტი დაცვივდება და, სამწუხაროდ, „ნაფოტი“ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მიწების დაკარგვას, ადამიანების დაღუპვასაც გულისხმობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი