„ქალო, გნახე ფეხშიშველა“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.02, 2021 წელი

ანუ „გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი...“
მართალია, ნინო ბურჯანაძის პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთი პროცენტიც ვერ დააგროვა (ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ შედეგები გაუყალბეს და იმაზე მეტი აიღეს, ვიდრე ცესკოს ოფიციალურ საიტზეა, ხოლო სახელისუფლო პარტია ირწმუნება, რომ ზუსტად ისეა საქმე, როგორც ოფიციალურ საიტზეა, ცესკოსი, რასაკვირველია, საბოლოოდ, არც ისაა გამორიცხული, რომ, ზეპირი მტკიცებით, მიღებული მანდატები, საერთო ჯამში, არა 100, არამედ 200 პროცენტს უდრიდეს), მაგრამ პროტესტის ძალიან აქტიური მონაწილეა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს (სამწუხაროდ, იმას არ აზუსტებს, რამდენი პროცენტი აქვს აღებული იმ ვირტუალურ ვადამდელ არჩევნებში).
ზოგადად, ოპოზიციის პოლიტცეცხლი თითქოს მიინავლა, რაც, გული მიგრძნობს, იმის ბრალია, რომ ივანიშვილი მოულოდნელად წავიდა (სხვათა შორის, იმავე ქ-ნმა ბურჯანაძემ ბრძანა, რაოდენ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ოჯახი, რომ ჭორვილაში აცხოვროო – თითქოს თავად ელისეის მინდვრებს იქით არაფერი უნახავს, რაც ამ დედამიწას მოევლინა), ხოლო სააკაშვილი არა და არ ჩამოდის. როგორც უნდა იყოს, გაცხარებულმა ქ-ნმა ბურჯანაძემ დაიქადნა (მომყავს ციტატა): „... თუ ქუჩაში უნდა გავიდეთ, გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო“. არადა, გუმანი მკარნახობს, იმის თქმა უნდოდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და სამართალს მაინც ვიპოვიო, მაგრამ, რაკი ელისეის მინდვრებზეა გაზრდილი, ქართული აღარაფერი ეხერხება, ნუ, თუ რასაკვირველია, ვინმეს ეზოში გამოჰგოგება არა სწადია (პათოსით: „გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდობშია“).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან