ქალები - პოლიტიკური მწვერვალების დასალაშქრად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 20.12, 2022 წელი

ანუ გზამკვლევით შეიარაღებულები
თუმცა დედამიწაზე ისეთი ამბები ხდება, ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რა მოხდება ხვალ ან, საერთოდაც, გათენდება თუ არა ხვალ, უფრო ზუსტად, გათენებას ხელს ვერავინ შეუშლის, კაცობრიობა ისევ გამოქვაბულიდან დაიწყებს, თუ კვლავ მარსისკენ გაიჭრება, მაგრამ აი, საქართველოში ცესკო და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი თანამშრომლობით იმას იკვლევენ, თუ რა ბარიერები აქვთ ამ ჩვენს სამშობლოში ქალებს პოლიტიკურ ეკლიან არენაზე გასაკვალ გზაზე. ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა და იგი ჩვენებური ცესკოს თავკაცმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა და ცესკოს წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ გახსნეს. ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ ქ-ნ ვუტოვას კი აღუნიშნავს, რომ ამ კვლევით ერთგვარი გზამკვლევი შექმნილა, რაც დაგვეხმარება იმ მიმართულებების განსაზღვრაში, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საარჩევნო სისტემამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაშიო. ასე რომ, ომი რომ დამთავრდება და, თუ გადავრჩებით, გზამკვლევი, თუ რა ბარიერები ექმნებათ ქალებს პოლიტიკის მწვერვალების დასალაშქრად (არადა ქალების ცვენაა, თუ სატელევიზიო ეთერებს გადავხედავთ), გვექნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან