პოლიტიკა

ისტორიული დეჟავუ

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 13.01

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გარე-გარე მოცქირალნი

სანამ მთელი მსოფლიო თუ არა, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთი და ჩრდილოეთი უკრაინაში ომის დასრულება-არდასრულებაზე არიან გამეცადინებულნი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და არა მხოლოდ გასული წელი და მიმდინარე სტრატეგიული პროექტები შეაჯამ-შეაფასეს, არამედ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს (ორ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავების მიმართულებით).

რაც ყველაზე საინტერესოა (ცხადია, ჩემი აზრით), აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართული მხარისადმი მადლიერება გამოთქვა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ფრიად სწრაფად გადაუწყვიტავს თბილისს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთისკენ ტრანსპორტირება და არც იმის აღნიშვნა დავიწყებია (აზერბაიჯანის საგარეო უწყების პირველკაცს), რომ საქართველო მუდამდღე მზადაა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ნათელი მიზნის მისაღწევად.

ბუნებრივია, მისასალმებელია, თუკი აზერბაიჯანი და სომხეთი, მით უფრო, საქართველოს ძალისხმევით, ერთმანეთთან მშვიდობიანსა და სტაბილურ ურთიერთობას დაამყარებენ და, რაც მთავარია, სამხრეთ კავკასია თავისი ინტერესების შესაბამისად განვითარდება, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი რეგიონის სამივე სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით იცქირება (საგარეო პოლიტიკას ვგულისხმობ) და, გულახდილად თუ ვიტყვით, არც არავისთვისაა ხელსაყრელი (თუ ჩვენ სამს არ ჩავთვლით) სამხრეთ კავკასიაში არც მშვიდობა და არც სამხრეთკავკასიურ სამ ქვეყანას შორის მშვიდობიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა, შესაძლოა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ნომერ პირველი დიპლომატების საუბარიც მხოლოდ ზრდილობის გამო მოკითხვა იყოს, თუმცა ვიმედოვნებ, თბილისში, ბაქოსა და ერევანში ხვდებიან, რომ გაცილებით მომგებიანი სამს შორის თანამშრომლობაა და არა გარე-გარე ცქერა, ვინაიდან 100 წლის წინ სხვადასხვა საგარეო-პოლიტიკურმა კურსმა სამივეს ჩრდილოეთიდან ოკუპაცია, დასავლეთიდან კი ჩრდილოეთისთვის კარტბლანშის მიცემა მოიტანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი