ინტერესების მარყუჟში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.09

ანუ ხელის მომთბობ-გამთბობები
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი იმდენად ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ უკრაინის უპირობო გამარჯვების იმედი აქვს (ვვარაუდობ, თვით მოსკოვის აღებისაც კი), მეორე ნაწილი კი, რატომღაც, რუსეთს თანაუგრძნობს (არადა, თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა, მაინც ვერ ვხსნი, რატომ უნდა გესურვილებოდეს იმ ქვეყნის გამარჯვება, რომელმაც შენი ტერიტორიები მიითვისა და დღემდე მცოცავად განაგრძობს შენს დაპყრობას?!), ერთი აზრი უკრაინა-რუსეთის ომისადმი არც დასავლეთშია.
ბუნებრივია, არა იმიტომ, რომ ვინმეს მხარეს არიან (ჩვენს მსგავსად), არამედ, რადგან საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ: მსხვილ-მსხვილ დასავლელებს ფულის უმიზნოდ დახარჯვა აღარ უნდათ (შევხედოთ სიმართლეს თვალებში, უკრაინას იმიტომაც აიარაღებენ, რომ მოწინააღმდეგე რუსეთი გაანეიტრალონ), შედარებით წვრილ-წვრილებს კი გამორჩენის სურვილიც ამოძრავებთ.
შესაძლოა ამიტომაც, მაგალითად, უნგრეთის ხელისუფლება (უნგრეთი კი ევროკავშირის წევრიცაა და „ნატოსიც“) უკრაინის დახმარების წინააღმდეგია, ანუ უარს აცხადებენ უკრაინისთვის შემწეობის გაცემაზე და ის არც მარტოა ამ საქმეში: ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადებია, რომ ამიერიდან ნეიტრალურ მდგომარეობას არჩევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყვია რაა, იმას წამლადაც კი არ მიაწვდიან.
წამლად თუ გადასარჩენად, ფაქტია, რომ უკრაინამ დასავლეთს იმედები გაუცრუა (მესმის, რომ ეს აზრი მეტად ცინიკურია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება), ვინაიდან კონტრშეტევამ ისეთი შედეგიც ვერ გამოიღო, როგორსაც დასავლელები ელოდნენ – თუმცა, რის იმედად ელოდნენ, რომ ერთი უკრაინა მოუღებდა ბოლოს რუსეთის იმპერიას, როდესაც ერთი უკრაინელი მფრინავიც კი არ მოუმზადებიათ, ჩემთვის უცნობია.
აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ კარგად დავისწავლით უკრაინულ საბედისწერო გაკვეთილს: თუ თავს ცეცხლს მისცემ (თუნდაც, თავდაცვის მიზნით), შესაძლოა, შენმა მტერ-მოყვარემ იმ ცეცხლთან ხელი ერთად მოითბ-გაითბოს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...