პოლიტიკა

იქნება თუ არა ერთი და იგივე ადამიანი თავის ტვინში ჩიპის ჩამონტაჟებამდე და ჩიპის ჩამონტაჟების შემდეგ

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 24.02, 2021 წელი

ტატიანა ჩერნიგოვსკაია
დაკოპირებულია

ცნობილი რუსი მეცნიერის, ბიოლოგის, ლინგვისტის, ფსიქოლოგის, ტატიანა ჩერნიგოვსკაიას აზრით, ადამიანის თავში ჩიპის ჩამონტაჟება დღესვეა შესაძლებელი, ეს დააჩქარებს ნერვულ პროცესებს და გაზრდის მეხსიერების მოცულობას, მაგრამ ბუნებრივად იბადება კითხვა: იქნება თუ არა ერთი და იგივე ჩიპამდელი და ჩიპიანი ადამიანი? ან როგორ შეძლებენ ერთსა და იმავე საზოგადოებაში ერთმანეთთან ურთიერთობას დაჩიპული, ანუ ტვინის შესაძლებლობებგაზრდილი ადამიანები და უჩიპოები, რომლებსაც ისეთივე ტვინი დარჩებათ, რაც მათ შემოქმედმა უბოძა? არადა პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანის ტვინში არ იქნება საკმარისი სივრცე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იმიტომ რომ ტვინში უამრავი ადგილია და მას უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, არამედ ის, თუ რაში და როგორ გამოიყენებს ადამიანი ამდენ ინფორმაციას.

როგორ დავეხმაროთ ადამიანის ტვინს ამ არცთუ იოლ პერიოდში? ციფრული ერა თვისებრივად და პრინციპულად განსხვავებულია. ჩვენ ვერც ვხვდებით, სად მოვხვდით: გადავდივართ ინფორმაციის მიღების ახალ მეთოდებზე, ინფორმაციის გაცვლის ინტენსიობა იზრდება. დღეს მეცნიერების მთავარი ამოცანაა, ერთმანეთს დაუკავშიროს ადამიანის ტვინი და ხელოვნური ინტელექტი. შესაძლებელია, მართლაც მოხერხდეს მათი დაკავშირება. ჩვენ ხომ ბავშვობაში ვსწავლობთ ლაპარაკს?! მეტყველების უნარი გამოგვიმუშავდება, რომ შევძლოთ ურთიერთობა მოზრდილებთან. დაახლოებით, იგივე სურათია ადამიანის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის დაკავშირების შემთხვევაშიც. ჩვენ, სწორედ, ამ სამყაროსკენ მივდივართ და შედეგი შესაძლოა, არც თუ სახარბიელო იყოს.

მანამდე კი, სანამ ადამიანები ჩიპებით შეძლებენ საკუთარი ტვინის უნარების გაუმჯობესებას, აი, როგორ ხსნის ტატიანა ჩერნიგოვსკაია, თუ როგორ სწავლობს ადამიანის ტვინი, ანუ ის, რაც შემოქმედმა აჩუქა ადამიანს. რაკი დასწავლა დაკავშირებულია მეხსიერებასთან, დავიწყოთ იმით, თუ როგორ მუშაობს ტვინში მეხსიერების სქემა.

ინფორმაციის დამახსოვრებას სჭირდება დრო

უხეშად რომ ვთქვათ, ინფორმაცია, რომელსაც ვსწავლობთ, ხვდება ჰიპოკამპში (ის მდებარეობას საფეთქლის წილის შიდა არეში და კონკრეტული მეხსიერების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს), იმისთვის, რომ ის (ინფორმაცია) დარჩეს დიდხანს და შენარჩუნდეს, მან უნდა გადაინაცვლოს თავის ტვინის ქერქში ძილში. ალბათ, ყველას გადაგვხდენია ამბავი, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვემზადებოდით გამოცდისთვის, მაგრამ ავიღებდით ბილეთს და პასუხები არ გვქონდა, ტვინში სრული სიცარიელე იყო. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ძილის წინ რაღაცას ვკითხულობთ, შემდეგ, დილით, გვხვდება საკითხები და პასუხები ვიცით, არადა დილით არაფერი გადაგვიმეორებია. იბადება კითხვა: სად იყო ეს ინფორმაცია?! თუ თქვენ გჭირდებათ, რომ რაღაც დაიმახსოვროთ ხვალისთვის, დაიწყეთ ამის სწავლა და მაშინვე დაიძინეთ (ეს მეცნიერულადაა დადასტურებული), ამით თქვენ საშუალებას აძლევთ ტვინს, რომ მიღებული ინფორმაცია გადაადგილდეს თავის ტვინის ქერქში, იმ ზონებში, საიდანაც თქვენ ინფოს ამოიღებთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ. შემოქმედმა თავში ჩაგვიდო ისეთი ტვინი, რომელიც თავისი სირთულითა და დიდებულებით შეიძლება, შეადარო მხოლოდ სამყაროს. ადამიანის ტვინი წარმოუდგენლად სრულყოფილია. ბუნებრივია, მისი გამოყენება შესაძლებელია სულელური ამოცანების გადასაჭრელადაც, მაგრამ, ასეთი საოცრება რომ გაქვს თავში, უბრალოდ, ცოდვაა მისი არგამოყენება. ამდენად, ტვინისთვის საუკეთესოა, თუ ის დაიტვირთება რთული სამუშაოთი. მან მძიმედ უნდა იმუშაოს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თითოეულს თავისი სირთულე აქვს. ჯობია, მოხუცმა ადამიანმა, ამოხსნას კროსვორდები, ვიდრე სულელურ ფილმებს უყუროს, მაგრამ აი, უფრო განვითარებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, უფრო რთული ამოცანების დასახვა: მაგალითად, ჭადრაკის თამაში, ძველბერძნული ენის გრამატიკის სწავლა, ცხადია, იმის ალბათობა, რომ სადმე გადააწყდებით ძველ ბერძენს ან შუმერს, უმცირესია, მაგრამ ასეთი ტიპის დატვირთვა ძალიან აუმჯობესებს ნეირონული ქსელის მუშაობას. ყველას ვეუბნები, კარგად სწავლა აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად იცოდე რამე, არამედ სწავლება ფიზიკურად ცვლის ჩვენს ტვინს: ნეირონების ხარისხი უმჯობესდება. ოღონდ მეხსიერების ვარჯიში უნდა იყოს ვარჯიში და არა წამება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სწავლება მუდმივი პროცესია და მხოლოდ მაშინ არ ვსწავლობთ, როდესაც წიგნს ვკითხულობთ. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იმის სისტემატიზება, რაც დაისწავლა, ხდება ძილში. ადამიანის ტვინი იმახსოვრებს ყველაფერს და როგორ ამოვიღოთ იქიდან ის, რაც გვჭირდება იმ მომენტში?! იმისთვის, რომ ამოვიღოთ, რაც გვჭირდება, ის რაღაც უნდა მოხვდეს გარკვეულ სისტემაში. თუ როგორ, ეს მხოლოდ ტვინმა იცის და ხდება მაშინ, როდესაც გვძინავს. ტვინი ამ სამუშაოს ჩვენს ნაცვლად ასრულებს – სხეულმა, უბრალოდ, უნდა დაიძინოს!

ციფრული ეპოქა და ადამიანის ტვინი

დღეს ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, მეორე მხრივ, ეს თითქოს ნორმალურია: თავდაპირველად, ვირით გადავადგილდებოდით, შემდეგ ცხენით, ავტოთი, თვითმფინავებით, ახლა რაკეტებიც გვაქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. საქმე ისაა, რომ ცივილიზაცია არასდროს ყოფილა ისეთი, როგორიც ახლაა. ჩვენ მოვხვდით ძალიან უცნაურ სამყაროში. ისმის კითხვა: სამყარო გართულდა თუ ჩვენ გავმარტივდით? ცხადია, სამყარო გართულდა, თუმცა ის არც ადრე ყოფილა მარტივი, მაგრამ, ფაქტია, ჩვენ გავმარტივდით. თუ ჩვენ ისევ განვაგრძობთ კომიქსების კითხვას, არაფერი მაქვს მათი საწინააღმდეგო და, თუ დიდი წიგნების კითხვის, დიდი ფილმების, სპექტაკლების ნახვისა და საუკეთესო ოპერების ნაცვლად მოვუსმენთ რაღაც სუროგატებს, კიდევ უფრო გაგვიმარტივდება ტვინი. ეს გასაკვირი არ არის: ჩვენი ტვინის მოწყობის საიდუმლო არავინ იცის. ამბობენ სხვადასხვა ვერსიას, რომ მისი მუშაობა დამოკიდებულია გენებზე, მაგრამ შემდეგ? ტვინი ივსება იმ ტექსტებით, რითაც ვასაზრდოებთ. თუ მას ყოველგვარ ნაგავს მიაწვდით, ის იქცევა ნაგვად, თუ რთულ ტექსტებს – იქნებიან რთული ადამიანები, არადა ჩვენ სულ უფრო და უფრო ვმარტივდებით და მაშინ როგორ ვაპირებთ, გავუმკლავდეთ სულ უფრო და უფრო გართულებულ სამყაროს?!

ვინ ვართ ჩვენ? პლანეტის ყველაზე მაღალგანვითრებული ბიოლოგიური არსებების ჯგუფი? ჯერ ერთი, ჯერჯერობით, მეორეც – დელფინებს თუ ჰესი არ აუშენებიათ, ეს არაფერს ნიშნავს, მათ, უბრალოდ, ეს არ სჭირდებათ. სპილოებს ძალიან დიდი ტვინი და რთული ფსიქიკური ცხოვრება აქვთ და ასეთი მაგალითი უამრავია. ამდენად, ამპარტავნება არ გვარგებს. მეორე მხრივ – რა გეგმები გვაქვს? თან, ჩვენ უკვე დავმარცხდით ციფრულ სამყაროსთან, თუ სუპერკომპიუტერებთან კონკურენციას ვაპირებთ, ძალიან დაგვაგვიანდა. ჩვენ შორის ვინ უფრო სწრაფია? ვინ უფრო მძლავრია? ვის ახსოვს უფრო მეტი? ვინ უკეთ გამოითვლის ალგორითმს?! მეორე მხრივ, თუ მეტაფიზიკურ მხარეზე ვილაპარაკებთ, აქ მათ ჩვენთან კონკურენცია გაუჭირდებათ, მაგრამ ჩვენ რომ ვმარტივდებით?! მალე ციფრული მოქალაქეები გამოჩნდებიან.

თეორიულად, შესაძლებელია ჩვენი ასლების შექმნა – მათ ვერ განასხვავებენ ჩვენგან: ასეთივე კანი ექნებათ, ასეთივე თვალები, უფრო უკეთესი ტვინი, მათ უკვე ასწავლეს ემოციის იმიტირება. მათ თავში აქვთ ჩიპი, რომლითაც თითქოს ახსოვთ თავიანთი ბავშვობა და ძალიან გულისამაჩუყებლად მოგვიყვებიან, როგორ გაუსინჯეს პირველად გემო ვაშლს. და მაშინ რას ვიზამთ? როგორ განვასხვავებთ ნამდვილს ასლისგან? ჩვენ ვიცით, რომ ერთი ნამდვილია, მეორე – მისი იდეალური გამეორება, როგორ განვასხვაოთ?! არ გვაქვს ჩვენ ეს მეთოდი.

რა სამყაროში მოვხვდით? ჯერ ერთი, ის ზესწრაფია და მეორე, უკვე არის ტერმინი – ის აღარ არის ადამიანური. რადგან, რაც ახლა ხდება ტექნიკურად, ისეთი ფორმით ხდება, რომ მასში არანაირი სიცოცხლე აღარ არის – ნანოწამები, ნანომეტრები... თუ კაცობრიობა წავა იმ მიმართულებით და ვიღაც თითს დააჭერს იმაზე, რაც კაცობრიობას გაანადგურებს, რის საფუძველზე დააჭერს? ხელოვნური ინტელექტის რჩევით? არადა ციფრული სისტემები გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებენ და ჩვენ ამაზე ზემოქმედების საშუალება არ გვექნება. ეს სამყარო სავსეა ასლებით და გვაქვს კი ჩვენ იმის უნარი, გავარჩიოთ, რა არის ნამდვილი და რა წარმოსახული?! კომპიუტერზე დამოკიდებულ ადამიანთა ტვინები ძალიან ჰგავს ალკოჰოლსა თუ ნარკოდამოკიდებულთა ტვინებს. ეს ნიშნავს, რომ ტვინი რეაგირებს დამოკიდებულებაზე და არ აქვს მნიშვნელობა, რა ნემსზე „დაჯდა“. ახლანდელი სამყარო, ხომ, ანონიმურია? ეს თხევადი სამყაროა, რომელსაც არ აქვს მყარი საზღვრები: ვინ არიან ადამიანები, რომლებთანაც სოციალური ქსელებით გვაქვს ურთიერთობა? სად არიან ისინი? მიპასუხებთ – არ აქვს მნიშვნელობაო, რა დროა იქ, სადაც ისინი არიან? მეტყვით, რომ არც ამას აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, თქვენ ეს მოგწონთ, მაგრამ, თუ ერთ დღესაც მაცივარი მეტყვის, რაღაც პრობლემა მქონდა, დავრეკე და გამომიცვლიან ნაწილსო, მაშინ მე ვინღა ვარ? ჩვენი ადგილი დარჩა სამყაროში?! ამბობენ – მშპ უნდა გავზარდოთო და რატომ? ბევრი საჭმელი რომ გვქონდეს და ფეხსაცმელი?! ჩემი აზრით, დადგა დრო, როდესაც თითოეული უნდა შეჩერდეს და დაფიქრდეს: საით მივქრივარ, რა მინდა, რისი დანახვა მინდა მომავალში? ვინ მინდა, რომ იყვნენ ჩემი შვილები, როგორი ადამიანები?! ძალიან სახიფათო ადგილას მოვხვდით – თუ ვაპირებთ, დავრჩეთ ამ პლანეტაზე, როგორც ბიოლოგიური სახეობა, უნდა დავფიქრდეთ, რა გვინდა. მაგალითად, ადამიანს აქვს ორი იახტა, ორი კუნძული და რა მერე?! არ მესმის – ეს რისთვისაა საჭირო?! ეს ხომ სიგიჟეა?! ყველამ კარგად უნდა იცხოვროსო და რას ნიშნავს ეს კარგად ცხოვრება? ბევრი და კარგად ჭამოს, თუ ბევრი იკითხოს, მოუსმინოს კარგ ოპერას, სანაპიროზე ზღვის ტალღების ხმას მოქცევისას, უყუროს კარგ სპექტაკლს?! თუ იმისთვის, რომ „პრადას“ მორიგი ჩანთა უნდა ვიყიდო – მაშინ აზრს ვერ ვხედავ, ნუთუ ჰომეროსი, პლატონი, სხვები ამისთვის ქმნიდნენ ამ ცივილიზაციას?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი