გულუბრყვილობის ფაზა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:23 24.02
ანუ მიამიტი სამხრეთელები
ბევრს ელოდნენ თუ ცოტას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაპირებისამებრ, სომხეთსაც ეწვია და აზერბაიჯანსაც. ერევანს აშშ-მა სადაზვერვო დრონები გადასცა (გადასცა, რა – მიჰყიდა). ბაქოს კი – საზღვაო კატარღები (საზღვარს დაიცავთო). თუკი ბაქოს შემთხვევაში გასაგებია, რომ რუსეთისგან და ირანისგან უნდა დაიცვან იმ კატარღებმა აზერბაიჯანის საზღვარი კასპიის ზღვაში, ერევნის შემთხვევაში გაუგებარია, ვინ უნდა დაზვერონ ჩვენმა მეზობელმა სომხებმა: აზერბაიჯანი და თურქეთი, თუ მაინც ირანი?! თუმცა ჯეი დი ვენსი სომხეთს ატომური ენერგეტიკის განვითარებაში დახმარებასაც დაჰპირდა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგური საბჭოური ტექნლოგიითაა აშენებული, ხოლო ქვეყნები განსხვავდებიან თავიანთი ატომური ტექნოლოგიებით, რთული სათქმელია, ვინ მოატყუა იქიდან ვენსმა, აქედან – ფაშინიანმა.
როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობლები მაინც ერთობ კმაყოფილები ჩანდნენ, ვინაიდან იმ პროცესს გადიან, რაც ჩვენ 20-ოდე წლის წინ დავიწყეთ: დაპირებებით დაწყებული და სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებით დამთავრებული და კიდეც მოვიმწვანილეთ. ასე რომ, ვფიქრობ, ერევანსა და ბაქოს მთავარი სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ ელით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





