პოლიტიკა

გულალალი სენატორი

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 25.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „ფული, დემოკრატიავ, ფული?!“

პოლიტიკაში გულწრფელობა, ჩვეულებისამებრ, არ მოსულა, ვინაიდან მაშინ ყველა დაფრთხებოდა. უფრო ზუსტად, ჩვენი ტიპის, ანუ მესამე სამყაროს ქვეყნების მოსახლეობა, რომლებსაც გლობალურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში (დაპირისპირება კი მუდმივია, იმიტომ რომ, დიდები და ძლიერები პირველობისთვის იბრძვიან) გასაცვლელი მონეტების როლი აქვთ ან საცეცხლე შეშის. ამდენად, ეს ჩვენ (შესაბამისად, ჩვენნაირებს) გვგონია, რომ მაღალი იდეალებისთვის ვიბრძვით, კეთილები გვეხმარებიან, ხოლო ბოროტები, პირიქით, მახეს გვიგებენ. არადა ეს სიკეთე და ბოროტება ფრიად და ფრიად პირობითია, რადგან, ვინც დღეს კეთილია, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მისი ინტერესები შენსას ემთხვევა, ხოლო, ვინც იმ წამს ბოროტია, მისი ინტერესები შენსას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, იმიტომ რომ ვითარებები იცვლება, კეთილები და ბოროტებიც ცვლიან ხოლმე როლებს. მანამდე კი ყველაფერი ისეა შეფუთული, რომ ჩვენნაირები კეთილებს ფეხებს უკოცნიან.

უკოცნიან თუ უბრალოდ ემთხვევიან, სენატორმა ლინდსი გრემმა ფარისევლობის ფარდა გაარღვია და, ჩვენ რომ გვეგონა, უკრაინის დემოკრატიისკენ ლტოლვას უჭერდა მხარს სრულიად დასავლეთი, აღმოჩნდა, რომ საქმე მეტად პროზაულად ყოფილა, ანუ აი, ისე, რომ ამბობენ, ტარანა თვლითააო. სახელდობრ, ზემონახსენებმა სენატორმა რიხით ამცნო თავის კოლეგებსაც და სრულიად მსოფლიოსაც, რომ (მომყავს ციტატა): „უკრაინაში 10-12 ტრილიონი დოლარის უმნიშვნელოვანესი წიაღისეულია და მათ შეეძლოთ, გამხდარიყვნენ ყველაზე მდიდარი ქვეყანა ევროპაში. მე არ მინდა, ეს ფული და აქტივები მივცე პუტინს, რომ მან გაუყოს ჩინეთს.“ ჯერჯერობით თითქოს ყველაფერი ლოგიკურია და, მართლაცდა, რატომ უნდა ჩაიგდონ ხელში რუსეთმა და, მით უმეტეს, ჩინეთმა უკრაინის სიმდიდრეები?! მაგრამ სენატორი ამაზე არ შეჩერებულა: „თუ ჩვენ მივეხმარებით უკრაინას ახლა, ისინი შეიძლება გახდნენ საუკეთესო საქმიანი პარტნიორები, რომელზეც ჩვენ ოდესმე გვიოცნებია.”

მოკლედ, გარდა გეოპოლიტიკური მიზნებისა, ამ ომს თავისი მერკანტილური მხარეც ჰქონია (და 12 ტრილიონად, მგონი, ყველა ქვეყნის, ერთად აღებული, პოლიცმაისტერი გაიხდის, თან - ცენტრალურ მოედანზე), რაც ისევ და ისევ მოწმობს, რომ, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა (ხელოვნური ინტელექტი ფრთებს ძალუმად შლის), სამყაროს პათოსი კვლავ ძველებურად პროსტიტუციულია, ანუ „ფული, ბაბაია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დემოკრატიავ), ფული“ და მერე რა, რომ ფრიად სისხლიანი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული