გონებაგანათებული?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 01.09

ანუ გვიან გამოფხიზლებულები
მართალია, ჯერ კიდევ დაწყებამდე იყო შესაძლებელი ომის თავიდან აცილება, თუ, რა თქმა უნდა, უკრაინა შეასრულებდა რუსეთის მოთხოვნებს (სხვათა შორის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში): რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას, უპირველესად, ენის საკითხს მოგვარებას (ოღონდ ყირიმი რუსეთს უნდა დარჩენოდა), 2022 წლის მარტშიც, დაახლოებით, იგივე სცენარი იგულისხმებოდა (რფ ყირიმის გარდა არაფერს ითხოვდა), მაგრამ, ვიცით, რომ უკრაინის ხელისუფლებაც და მისი დასავლელი პარტნიორ-მეგობრებიც მოქმედებდნენ პათოსით, ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე, თუმცა, რასაკვირველია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ომს მხოლოდ შორიდან აკვირდებიან (სამთავრობო თუ სადეპუტატო სკამებიდან), ოღონდ ხანი გამოხდა და აწ უკვე 2025 წლის აგვისტოში უკრაინის ხელისუფალმა განაცხადა, რომ მზადაა, მოილაპარაკოს პუტინთან, ასე განსაჯეთ, უპირობოდ.
ბუნებრივია, იბადება კითხვა: ან რამ განაპირობა მისი ადრინდელი სიჯიუტე (ერთ გოჯ მიწასაც არ დავთმობთო), ან რატომ შეიცვალა აზრი (ვეჭვობ, ასე დასჭირდა გეოპოლიტიკას, ანუ სხვათა ინტერესებს), მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ მაკრონმა ურჩია მეგობარ უკრაინას, დათმოს ტერიტორიები, ოღონდ არ აღიაროს დაკარგულად, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა პოდოლიაკმაც გაამჟღავნა „უკრაინის წინასწარი პოზიცია“. სახელდობრ, „ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის დასრულების ერთ-ერთი ძირითადი სცენარია ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვა“, ანუ იმ ტერიტორიას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, დე-ფაქტო სტატუსი ექნება (აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის კონსტიტუციაში ეს ტერიტორიები უკვე რუსეთის ნაწილია).
ოღონდ პოდოლიაკი დასძენს, რომ ამის შემდეგ დიდი სამუშაო ელით. რისთვის? იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის შემადგენლობაში დავაბრუნოთო. სამუშაოში, მათ შორის, გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და სამხედრო მრეწველობის ამოქმედებას. ასევე, უკრაინაში უცხოურ სამხედრო კონტინგენტსაც ელოდებიან. თავის მხრივ, ეს უცხოური სამხედრო კონტინგენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ ჩასვლას, თუკი საჰაერო თავდაცვას აშშ უზრუნველყოფს, იმას გარდა, რომ უკრაინაში უნდა განთავსდეს რაკეტები, რომელთაც 2 000 კილომეტრში შეეძლებათ სამიზნეების განადგურება. მე არ ვიცი, გამართლდება თუ არა პოდოლიაკის ბოლო მოლოდინები, მაგრამ, თუ გავიხსენებთ მილიონ 700 ათას დაღუპულ უკრაინელს, მათი ნახევრის დაღუპვის შემდეგ მაინც ვერ მიხვდნენ, რომ დე-იურეს დე-ფაქტო ჯობდა, მაინცდამაინც, 2 მილიონამდე ასვლას ელოდებოდნენ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან