გეოპოლიტიკის ფარისევლობა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:54
ანუ ინტერესმოქნილები
მოგეხსენებათ, ჰორმუზის სრუტეში დიდი დაძაბულობაა: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ნავთობტანკერებს არ ატარებს (უფრო ზუსტად, შერჩევით ატარებს), რის გამოც ნავთობის ფასმა ბარელზე 120 აშშ დოლარს მიუკაკუნა, თუმცა შემდეგ დაიკლო, როდესაც ითქვა, რომ ევროკავშირი გახსნიდა თავისი ნავთობის მარაგებს. მანამდე კი, ბარემ, აქვე შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინდოეთს, რომ უარი თქვა რუსული ნავთობის შეძენაზე. მაგრამ ხანი გამოხდა და ნავთობის დეფიციტის გამო აშშ-მა რუსეთის ნავთობს სანქციები მოუხსნა (და ინდოეთს იგინივეებმა რუსული ნავთობისკენ მიუთითეს). ზემოხსენებულმა ბატონმა, ასევე, მოგვახსენა, რომ აშშ-ს ფასებზე გავლენის მოსახდენად და დეფიციტის შესამცირებლად ბერკეტებიც აქვს და უნარებიც. როგორ? როგორ და ბევრი ნავთობით დატვირთული გადამზიდავია დასანქცირებული და შეიძლება მათთვის სანქციების მოხსნაო.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ნავთობის გაძვირება და დეფიციტი სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ირანზე თავდასხმით რფ უფრო იხეირებს, ვიდრე დაზარალდება. იმას გარდა, რომ უკრაინაც გეოპოლიტიკური ფოკუსის განაპირას რჩება. და თუკი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო რუსეთი იძულებული შეიქნა, რომ ნაკლებ ფასად მიეყიდა ნავთობი თავისი აღმოსავლელი მეზობლებისთვის, შექმნილი ვითარებით, თავი ქუდში აქვს.
მეორე მხრივ, რაკი ევროპამ ირანში ომის დაწყებამდე გამოაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სრულად იტყვიან უარს რუსეთის ნავთობზე, ირანში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე შესთავაზა ვლ. პუტინმა, ახლავე ეთქვათ უარი, თუმცა შემდეგ ვერსია შეცვალა და მზადყოფნა გამოთქვა ევროპის ნავთობით მომარაგებისთვის.
ბუნებრივია, რფ სიტუაციით სარგებლობს და მოქნილობაში აშშ-ს უსწრებს კიდეც. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, როდესაც საჭიროა, სანქციებიც ანულირდება და ძველი მტრებიც მოყვრდებიან, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ინტერესთა გეოპოლიტიკურ ჯახში არავის მხარეს არ უნდა გადავიხაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





