პოლიტიკა

გეოპოლიტიკის ხვეულებში

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 07.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ თურქეთი, როგორც ევროპის ბურჯი?!

მაშინ, როდესაც სრულიად ევროკავშირი ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების ერთადერთი დამცველი და გარანტორი თურქეთია, ამ უკანასკნელის მხარდაჭერა კიდევ ერთმა სუბიექტმა მოითხოვა. კერძოდ, მოლდოვის ავტონომიის გაგაუზიის ხელმძღვანელმა ევგენია გუცულმა. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეგახსენებთ, რომ მოლდოვას ორი ავტონომია აქვს – დნესტრისპირეთი და გაგაუზია. გაგაუზიის ავტონომია 1994 წელს შეიქმნა, სხვათა შორის, თურქეთის ჩარევითა და დახმარებით (მანამდე ის არაღიარებული რესპუბლიკა იყო). ვინაიდან ამ ავტონომიის ძირითადი მოსახლეობა გაგაუზები არიან, ისინი კი ქრისტიან თურქმანულ ხალხა-დაა მიჩნეული, გაგაუზიას მანამდეც და შემდეგაც თურქეთი ეხმარება აქტიურად. თუმცა 1999 წლიდან მოლდოვის კონსტიტუციითაა გამყარებული გაგაუზიის მოლდოვისადმი კუთვნილება. საინტერესოა, რომ გაგაუზიამ თანხმობა გამოთქვა საბაჟო კავშირში შესვლაზე და დაიტოვა უფლება, რომ მოლდოვის ევროინტეგრაციის შემთხვევაში მათი გზები გაიყრება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტონომიის მოსახლეობა 160 000-ს არ აღემატება, გასულ კვირას მოლდოვის ხელისუფლებამ დააკავა ზემონახსენები ევგენია გუცული, მან კი, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს მიმართა, რადგან, მისი განმარტებით, მოლდოვა გაგაუზიის ავტონომიის განადგურებას აპირებს (ვვარაუდობ, განადგურებაში იგულისხმა გაუქმება). ქ-ნი გუცული იმედოვნებს, რომ ერდოღანის სიტყვა და ავტორიტეტი დაიცავს გაგაუზიის ავტონომიას და თუმცა მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს თურქეთის პრეზიდენტი, აშკარაა, რომ მეტად საინტერესო კონფიგურაციები იკვეთება. სახელდობრ: დნესტრისპირეთი რუსეთის გავლენის ქვეშაა (იქ განთავსებულია რუსეთის საკმაოდ დიდი სამხედრო ბაზა), კიშინიოვი, ანუ მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების გზას მიუყვება ქ-ნი ფინ დერ ლაიენის ფავორიტი მაია სანდუს თაოსნობით (ვვარაუდობ, დიდხანს მოუწევთ ლოდინი, მაგრამ მაინც მიუყვებიან), გაგაუზია თურქეთს სთხოვს დახმარებას, როდესაც მისი ხელმძღვანელი კიშინიოვმა დააკავა, ხოლო თურქეთი კი ევროკავშირის დაცვას აპირებს. ეს ყოველივე კი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ერ-რიადში აშშ-ისა და რფ-ის მოლაპარაკებები ისე იმართება, რომ დეტალები არავინ იცის, ხოლო ევროკავშირი კი, იმას გარდა, რომ უკრაინის დახმარებას გეგმავს, საკუთარ თავდაცვის გაძლიერებაზეც მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, ამ საქმიდან (როდესაც რთული გასარკვევია, ვისი გასაღები ვის როიალშია), რა გამოვა, ჩვენ, როგორც მარად ოპტიმისტებმა და ბავშვებმა, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა როიალს თავისი გასაღები გამოუჩნდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა