პოლიტიკა

გეოგრაფიის ბნელი მხარეები

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:22

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მაკრონის გულალალობა

საფრანგეთის პირველკაცმა თავის დროზე მეტად გულალალად გვითხრა, რომ საქართველო სულ სხვა გეოგრაფიაა, ანუ სად თქვენ და სად – ევროკავშირიო. თუმცა შემდეგ ვერსია მრავალგზის შეცვალა, მაგრამ, საბოლოოდ, ისევ პირველ ვერსიას დაუბრუნდა და გვამცნო, რომ გეოგრაფია ფრიად ჯიუტი რამაა. სახელდობრ, რუსეთი იყო არის ჩვენი მეზობელიო.

მანამდე კი გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ამავე ინტერვიუში შენიშნა, რომ „ევროპა კრიტიკულ ფაზაში შევიდა და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეს“. ეს განწყობა მას აშშ-ის მიერ ევროკავშირისთვის დაწესებულმა ტარიფებმა და გრენლანდიის დაუფლების ტრამპისეულმა ჟინმა გაუჩინა, რის გათვალისწინებითაც ფრიად სავალალო პერსპექტივაც იწინასწარმეტყველა: თუ ევროპელები არ იმოქმედებენ, ევროპა ხუთი წლის შემდეგ აღარ იარსებებსო.

არც ის ტენდენცია გამორჩენია, რომ რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებამ, ანუ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებამ ევროკავშირი აშშ-ის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული გახადა, რომლებიც რუსულთან შედარებით ძვირი უჯდებათ. თუმცა იმთავითვე აშკარა იყო, რომ ამერიკული გაზი და ნავთობი რუსულზე მეტი ეღირებოდა. შესაბამისად, მართლაც იბადება კითხვა, რატომ შეამჩნია მხოლოდ და მაინცდამაინც ახლა ეს ცხადი არითმეტიკა?!

რაც მთავარია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპისთვის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის საჭიროებაზე ისაუბრა და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ პროცესის თანამონაწილედ რუსეთიც განიხილა. ბუნებრივია, ბ-ნი მაკრონი პრაგმატული მოტივებითა და სარგებლის მიღების პრინციპით ხელმძღვანელობს, მაგრამ, თუ ევროკავშირის რიტორიკას გავიხსენებთ საქართველოს მისამართით, რომელიც ძველებურად აგრესიულია და რუსეთთან ხისტ დაპირისპირებას მოითხოვს, ჩნდება ეჭვი, რომ რაციონალიზმი და სარგებლის მიღებისკენ მისწრაფება ევროპლებს წმინდად ევროპული ექსკლუზივი ჰგონიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი