გენადიდან – დონალდამდე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:41 04.02
ანუ შენ რომ ჩემთვის მილიარდი არ მოგიტანიაო
მსოფლიოში დიდი ამბებია და უმეტესწილად, ყოველივე აშშ-ის პრეზიდენტის გარეშემო ტრიალებს. დავოსის ფორუმამდე დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭო შექმნა და საწევროდ მიპატიჟებულებს მილიარდი დოლარის გადახდაც დაავალდებულა. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ საბჭოში ფაშინიანი და ალიევიც ბრძანდებიან, თუმცა, მაგალითად, მაკრონმა უარი განაცხადა, რის საპასუხოდაც აშშ-ის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ, ჯერ ერთი, 200-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს ფრაგულ ღვინოებსა და შამპანურს და მაკრონი თავისი ფეხით მოვაო, ოღონდ იქვე შენიშნა, რომ არც არავის სჭირდება, უკვე წარსულიაო.
პირადად მე ფრანგული ღვინო-შამპანურისა და მაკრონის გულშემატკივრად ვერ გამოვდგები, თუმცა დონალდ ტრამპის ეს განცხადება გენადი ონიშენკოს ასოციაციას იწვევს: გემახსოვრებათ, როგორ გვიწუნებდა ხოლმე ქართულ ღვინოებსა და მინერალურ წყლებს პოლიტიკური მოტივებით. შესაბამისად, მართალია, უცნობია, იცნობს თუ არა ონიშენკოს გამოცდილებას ტრამპი, მაგრამ აშკარაა, რომ პრაქტიკულად იყენებს.
ბუნებრივია, ფრანგული ღვინოები და შამპანური თავის გზას იპოვიან, ისევე, როგორც იმანუილ მაკრონი, მას შემდეგ, რაც საფრანგეთს აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა, მაგალითად, ბ-ნმა სტარმერმაც არ მიიღო მიწვევა მშვიდობის საბჭოში, მაგრამ მის მიმართ მაკრონის მსგავსად ხისტი არ ყოფილა ტრამპი.
ამის პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ დონალდ ტრამპს ათონის მთაზე ელოდებიან, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ უკვე მოგვახსენა, საერთაშორისო სამართალი ჩემმა მორალმა ჩაანაცვლაო, არც ისაა გამორიცხული, რომ ათონის მთაზე სტუმრობის შემდეგ თავი მესიად გამოგვიცხადოს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





