პოლიტიკა

გაზი მათი არსობისა

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 02.08, 2022 წელი

გაზი მათი არსობისა
დაკოპირებულია

ანუ ევროკეკლუცი

მართალია, სანქციები რიხით დაწესდა (თუმცა იმთავითვე შეიმჩნეოდა, რომ გაუთვლელად), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თურმე, მხოლოდ ჩვენ არ გვახასიათებს უთავბოლობა, ვინაიდან სწორედ სანქციების დაწესების შემდეგ აღმოაჩინა ევროკავშირმა, რომ გაზისა და ნავთობის ალტერნატიული მოწოდების საშუალებები არ ჰქონდა მოძიებული.

ჰოდა, რაკი, რაც არ ჰქონდა, არც ახლა აქვს, პოსტფაქტუმ შეუდგა ხარვეზის გამოსწორებას და ერთ-ერთ ალტერნატივად აზერბაიჯანული გაზი აირჩია (რაც შესანიშნავია, იმიტომ რომ ამ გაზმა საქართველოზე უნდა გაიაროს). ამ მიზნით ბაქოს თვით ურსულა ფონ დელ ლაიენი ეწვია (დიახ, სწორედ ის ქ-ნი ურსულა, ჩვენ რომ დემოკრატია დაგვიწუნა, მაგრამ ისე შესციებია, რომ აზერბაიჯანის დემოკრატია ედემის ბაღად მოეჩვენა) და ილჰამ ალიევთან ერთად გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანიდან 2027 წლისთვის გაზის გაორმაგებულ ოდენობას მიიღებს.

სახელდობრ, ევროკომისიამ აზერბაიჯანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი და ზემონახსენებმა ქ-ნმა ურსულამ განაცხადა, რომ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით, რომელიც საკვანძო პარტნიორია რუსული საწვავისგან თავის ასარიდებლადო.

მოკლედ, 2027 წელს ევროკავშირი აზერბაიჯანისგან 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას გეგმავს და აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის მოხმარების 1 პროცენტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, 2027 წლისთვის ის 2 პროცენტი გახდება. იმ მარტივი მიზეზით, რომ დათვლა ყველამ იცის, გაუგებარია, რა უხარია ევროკომისიის ქ-ნ პრეზიდენტს, თუმცა შესაძლოა, ამ ამბავში ირანული და თურქმენული გაზის ჩართვასაც აპირებენ (და სწორედ ესაა ქ-ნი ურსულას პირმცინარობის მოტივიც), რაც ჩვენთვის, ასევე, შესანიშნავია, ოღონდ აქვე შეგახსენებთ, რომ ევროასოცირების ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსგან ენერგომატარებლების შიდა ტარიფებით ტრანსპორტირება მოითხოვა (ისიც უნდა ითქვას, რომ შეგვეძლო, ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაგვევადებინა), ანუ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია დიდი ვერაფერი შემოსავლის მომტანი იქნება, სულაც რომ მთელი მსოფლიოს გაზი დაიძრას ჩვენს მილსადენებში. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

მე უფრო ევროკომისიის პრეზიდენტის ორმაგი თვალთახედვა მაოცებს (თუ გაზი აზერბაიჯანისაა, გზა ჩვენია), ქართული დემოკრატია არ მოგწონდეს და აზერბაიჯნული თვალს გჭრიდეს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი