პოლიტიკა

გაუზრდელი აღუზრდელები

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.12, 2023 წელი

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „ადე, მუშავ, შენ...“

მოგეხსენებათ, რომ განათლების რეფორმა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მიმდინარეობს (და ამ ამბავში აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ევროპელი პარტნიორ-მეგობრები, ამასთან, არც ფულს იშურებდნენ), თუმცა, საბოლოოდ (ოღონდ ბოლომდე ჯერ ისევ შორია), მთელი რეფორმის არსი ის გამოვიდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება და წლიდან წლამდე კომპეტენციის ზღვარიც იკლებს და დავალებების სირთულეც. მეორე მხრივ, ისევ არ არსებობს არანაირი კონცეფცია, თუ ვის ზრდის ქართული განათლების სისტემა (ზრდის, ვინაიდან აღზრდა კარგა ხანია, გაუქმებულია). სულ ახლახან კი შევიტყვეთ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმას ცვლილებები დაემატა, რის თანახმადაც, გაუქმდა საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი დავალებები და სკოლები თავად შექმნიან შეფასების სისტემას.

თავად კი იმიტომ შექმნიანი, რომ სკოლებს მეტი ავტონომია მივანიჭეთო. რაც მთავარია, ეს მეტი ავტონომია, ანუ თავისუფლება მიენიჭა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს (მოგეხსენებათ, კერძო სკოლებში საქმე გაცილებით უარესადაა, ვინაიდან, ვინ რას, რატომ და რისთვის ასწავლის, ეშმაკმაც არ იცის). აქედან გამომდინარე კი, აწი დაიწყება, თუ დაიწყება, საგანმანათლებლო თავდავიწყება...

სამინისტრო გვამცნობს, რომ (მომყავს ციტატა): „შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი“. მე არ ვიცი, რა არის ქართველი მოსწავლის საუკეთესო ინტერესი ან როგორ წარმოუდგენია ის საქართველოს განათლების სამინისტროს, რომლის კედლებსაც ამ უახლოესი წარსულის განმავლობაში ახსოვს მინისტრი, ვინც გამართულად ვერ წერდა სიტყვა ბავშვს და ისეთიც, ვინც ამბობდა, რომ „ავთანდილის ანდერძის“ სწავლა სრული სიგიჟეა, იმას გარდა, რომ არც ერთი არ სწყალობდა ძველ ქართულ ლიტერატურას, სახელდობრ, კი როგორც ბ-ნ ლომაიას, ისე ბ-ნ ჯეჯელავას მაინცდამაინც შუშანიკი ჰყავდათ ათვალწუნებული.

ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ არა მხოლოდ მესამე სამყაროს ქვეყნებშია (ამ გაქანებული გლობალიზაციისას) დასახული მოსახლეობის დაშტერება (იაფ მუშახელს ნაკლები ამბიცია უნდა ჰქონდეს), როგორც ჩანს, ჩვენებური განათლების სამინისტროსაც შეაქვს თავისი წვლილი ამ მასობრივ დაშტერებაში, შესაძლოა, მეტად კეთილშობილური მოტივითაც: ცოტა იცი, მშვიდად ცხოვრობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა