გასაყინი და გამლღვარი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 13.05

ანუ შეუბღალავები
ევროდეპუტატებმა და ევროპის სახალხო პარტიამ ტრადიციას არც გასულ კვირას უღალატეს. შესაბამისად, პირველებმა – ქართული დემოკრატიის სავალალო მდგომარეობაზე ივიშვიშეს და მორიგი გეგმები დასახეს, ხოლო მეორეებმა მორიგი რეზოლუცია მიიღეს მმართველი პარტიის დაგმობის პათოსით. მაგალითად, წარმოშობით სლოვენიელმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში – მარტა კოსმა – გვამცნო, რომ შესაძლოა, უკან წაიღონ ვიზალიბერალიზაცია და გაგვიყინონ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არამც და არამც არ დაუშვებენ ქართველი ხალხის დაკარგვას (უფასო საზარბაზნე ხორცი დასწრებაზეა?!) და იქვე შეგვახარბა, რომ თურქეთთან გაყინული მოლაპარაკებები განახლდა (ცხადია, ევროკავშირში გაწვრიანებაზე). ცხადია, მე არ ვიცი, რატომ მოუბრუნდათ გული თურქული დემოკრატიისკენ ან იქნებ, მართლაც, თურქეთის არმიის იმედადაა ევროკავშირის უსაფრთხოება (გემახსოვრებათ ერდოღანის განცხადება, რომ ევროკავშირის დაცვა მხოლოდ თურქეთს შეუძლია), მაგრამ ფაქტია, რომ პირველ მაისს სტამბოლში მარშის გამართვის მცდელობის გამო თითქმის 400 ადამიანი დააკავეს. პოლიციამ ბარიერებიც აღმართა და სპეცტექნიკა და სპეცრაზმიც გამოიყვანა. დასავლურივე მედიის ცნობით, თურქული პოლიცია ჟურნალისტებსაც უშლიდა ხელს მარშის ჩატარების მსურველთა დაკავების გაშუქებაში. ხოლო, რაკი ამ ფაქტის გამო ზემონახსენებ კომისარს გაფართოების საკითხებში, ჯერჯერობით არაფერი გაუყინავს (სიტყვიერად მაინც), ვფიქრობ, ჯობია, არც გავაგებინოთ, იქნებ სუსტი გული აქვს და ვერც გაუძლოს, მისი ნათელი წარმოდგენა თურქული დემოკრატიის შესახებ რომ შეიბღალოს?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან