განხეთქილება „ოდეკაბურად“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 06.12, 2022 წელი

ანუ სისხლის სუნი
სანამ ბრიტანეთის ყოფილი თავკაცი და ევროპელი ლიდერები ურთიერთობას არკვევენ, უნგრეთს კი რუმინულსა და უკრაინულ მიწებზე უჭირავს თვალი, ხოლო თურქეთი დიდი თურქეთის აღდგენას ლამობს (პოლიტიკურ-ეკონომიკურად და შიგადაშიგ სამხედრო ძალასაც იყენებს), ერევანში „ოდკბ-ის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტი ჩატარდა, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები და ბუნებრივია, რუსეთის პრ.-ი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო (ამ უკანასკნელს ჩასასვლელი დიდად არც არსად აქვს, მხოლოდ თავისი გავლენის სივრცეში თუ იტრიალებს, თუმცა მისი რაკეტების მოქმედების ტრაექტორია ყოველ წამს შეიძლება, შეიცვალოს).
სამიტი, შეიძლება, ითქვას, სკანდალური გამოდგა, ვინაიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი არ მოაწერა ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტებს (დოკუმენტების შინაარსი, ცხადია, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების კონტექსტის იყო). მიზეზად ნიკოლ ფაშინიანმა ის დაასახელა, რომ დასკვნით დეკლარაციაში ასახული არ არის სომხეთის ინტერესები, კონკრეტულად კი, არ არის დაგმობილი აზერბაიჯანის აგრესიაო.
თავის პრემიერს მხარი სომხურმა პრესამაც აუბა და ერევნის სამიტს „სირცხვილის აპოთეოზი“ უწოდეს, პროაზერბაიჯანული პოზიცია აქვთო.
რუსული მედიაც უარყოფითად გამოეხმაურა ერევნის პოზიციას, ფაშინიანმა თავი დაისამარაო, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ „ოდეკაბემ“ მხარი არ დაუჭირა სომხეთს, როდესაც მას გაუჭირდა (სხვა საქმეა, რომ თავად გაიჭირვა, ვინაიდან სხვისი ტერიტორიების მითვისებაც ბუმერანგის პრინციპით იმართება. შეგახსენებთ: ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა საკუთრივ სომხეთის ტერიტორია დაიკავა, სხვათა შორის, ისევე, როგორც, თავის დროზე, სომხეთს, გარდა ყარაბაღის ავტონომიისა, საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიები ჰქონდა დაკავებული).
მე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში (მსოფლიო ლოგიკა ისე აირია, ბისმარკიც კი ნერვიულობს სამარეში) და არც ის, ვისი ზურგით მოქმედებს ფაშინიანი, მაგრამ აშკარაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ასე მალე და იოლადაც ვერ დასრულდება, რაც არც თუ რიგიანი პერსპექტივაა სამხრეთ კავკასიისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან