გამტკბარი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 16.12
ანუ მარადი პრეზიდენტი?!
უფლებამოსილების ვადის მიწურულს ეს ჩვენი პრეზიდენტი ისე გააქტიურდა, რაც ლამის ექვსი წლის განმავლობაში არ უთქვამს და უქნია (უხდება ზმნის ეს ფორმა), ერთბაშად აინაზღაურა. მეტიც, პრეზიდენტის როლში ისე შევიდა, თითქოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა გვქონდეს – არადა, ამ ჩვენი კონსტიტიციით, პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა, არც ძალაუფლება აქვს და არც ხელისუფლების რომელიმე შტოს მიეკუთვნება და კონსტიტუციითვეა გაწერილი მისი არცთუ ბევრი მოვალეობა, რომელთაგანაც დამოუკიდებელი მხოლოდ შეწყალებაა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლოა.
შესაძლოა, სწორედ იმიტომაც, რომ პრეზიდენტობის გემო მოენატრა ან პოლიტდაისის წინ მისი ძალუმად შეგრძნება მოინდომა (თუმცა უკვე გაგვიმხილა, რომ, რაკი თავადაა, როგორც თავად მიაჩნია, ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, კვლავაც ამ პოსტზე უნდა დარჩეს, ბუნებრივია, მარად პრეზიდენტად). იმას გარდა, რომ ქ-ნმა ზურაბიშვილმა ბავშვებსა და სტუდენტებს ფრანგული პირდაპირობითა და დამტვრეული ქართულით მოუწოდა, შეერთებოდნენ საპროტესო აქციებს (არადა სკოლის მოსწავლეებს ხმის უფლება არ აქვთ და რა უცნაურია, არა, მათ მიერ არჩევნების შედეგის გაპროტესტება?! მით უმეტეს, რომ, წესითა და რიგით, ვერც პოლიტორიენტაციებში უნდა ერკვეოდნენ, თუ, განსაკუთრებით, წაკითხულის გააზრებაში ქართველი ბავშვების მაჩვენებლებს გავიხსენებთ), მანამდე, როგორც ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაგვიმხილა, მას და არა მხოლოდ მას თავად ქ-ნმა ზურაბიშვილმა და სხვებმაც არჩევნების არაღიარება სთხოვეს, მაგრამ საინტერესოც ის არის, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტი არც კი მიგვიჩნევს იმის ღირსად, რომ განგვიმარტოს, ან ერთი რატომ ჩაიდინა, ან მეორე (იმიტომ რომ ლუდოვიკოსავით მზეა?!).
ამასობაში კი გვაცნობეს, რომ ლიეტუვა, საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფარს არ დაუკავებს (ეს ამბავი ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას უფროსი მრჩევლის ბაგეთაგან გვემცნო, თუმცა მრჩეველმა იქვე დასძინა, რომ (მოვიხმობ ციტატას): „ამჟამად პრეზიდენტ ზურაბიშვილს ძალიან მკაფიოდ აქვს განმარტებული, რომ იგი იქნება თბილისში თავის ხალხთან ერთად“. პატივცემული გიტანის მრჩეველმა აშკარად არ იცის, რომ ქ-ნი სალომე თავის არჩევას არა „თავის ხალხს“, არამედ ივანიშვილს უნდა უმადლოდეს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯობდა, დარჩენილიყო, სადაც იშვა, რომ ნიკო ნიკოლაძეს საფლავში არ ეტრიალა?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან