„გამპუსტიაკებელი“?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 31.03

ანუ მზე-პრეზიდენტის ვნებანი
რაკი იხტიბარს ისევ არ იტეხს და თავს კვლავაც ერთადერთ „ლეგიტიმურ ინსტიტუტად“ მიიჩნევს, ქართველი ერის წარმომადგენლად და სახედ (მიმიხვდებოდით, „მზე-პრეზიდენტ“ ქ-ნ ზურაბიშვილს ვგულისხმობ), თუმცა ასაკი ხელს არ უწყობს, იმ თვალსაზირისით, რომ არც ისე ენერგიულია, როგორც „მზე-პრეზიდენტს“, თანაც, ერთადერთსა და მარადიულს ეკადრება, სამაგიეროდ, ხან სად დადის და ხან – სად, მცირე ხნის წინ, მაგალითად, მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტიც კი გახდა, ხოლო სულ ახლახან ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის წერილი გაუგზავნია (ბუნებრივია, მტრედისთვის არ გაუტანებია, ტექნიკის თანამედროვე მიღწევები გამოუყენებია).
წერილში კი ევროკავშირს, არც მეტი, არც ნაკლები, მიმართავს, რომ ევროპამ საკუთარ თავზე აიღოს არა მხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასაც უნდა დაუჭიროს მხარი და ძირითად თავისუფლებებსაც. ამას გარდა, ევროპამ უნდა გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა.
ბუნებრივია, იკითხავთ, რატომო. რატომო და იმიტომო, რომ ამერიკა გადისო.
ბუნებრივია, ისევ იკითხავთ, საიდან გადისო. საიდან და, „მზე-პრეზიდენტის“ ვერსიით, საქართველოდანო (და, მაშასადამე, სამხრეთ კავკასიიდანაც).
მე არ ვიცი, საიდან აქვს ქ-ნ ზურაბიშვილს მსგავსი ინფო, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიცი, რომ ევროკავშირი გამალებული ცდილობს, კვლავ მოიპოვოს აშშ-ისგან უსაფრთხოებისა და კომფორტული ცხოვრების გარანტიები; კვლავ დაბრუნდნენ გეოპოლიტიკურ მაგიდასთან სრულუფლებიანი ცენტრის სტატუსით, თუმცა „მზე-პრეზიდენტის“ ნააზრევის მწვერვალი მაინც ის პასაჟია მის წერილში, როდესაც ეს უკანასკნელი ევროკავშირს სთხოვს (მომყავს ციტატა): „საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან.“ მხოლოდ ბეცი ვერ მიხვდება, რა აწუხებს ქ-ნ ზურაბიშვილს, ხოლო, რაკი ვეჭვობ, წაკითხული ჰქონდეს ჯემალ ქარჩხაძს ნაწარმოებები, შევახსენებ: „სამშობლოს თუ გაყიდი, კაი ფასი დაადე, არ გააპუსტიაკო“ და შესაბამისად, ვიმედოვნებ, არ „აპუსტიაკებს“ და გასამრჯელოს სოლიდურს იღებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან