პოლიტიკა

გამოღვიძებული

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.08

გამოღვიძებული
დაკოპირებულია

ანუ რესურსების როლი

ტრამპი და პუტინი შესახვედრად ემზადებიან, ოფიციალურად, უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის მისაღწევად, ოღონდ შეხვედრას უკრაინული მხრიდან არავინ ესწრება (ან კი ვინ დაასწრებს მას, ვისაც მხოლოდ რესურსის როლი აქვს?! მან მხოლოდ როლი უნდა შეასრულოს და მაშინვე გაუჩინარდეს, როდესაც სცენაზე ზედმეტია).

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „ტელეგრაფის“ ცნობით, განაცხადა ომით ყველა ტერიტორიის დაბრუნების შეუძლებლობა და დასძინა, რომ ახლა დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიებაა საჭირო. სახელდობრ, უკრაინა მზადაა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის მიხედვით, მაგრამ არ დათანხმდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარებას (სავარაუდოდ, არც არავის სთხოვს აღიარებას), მოტივით, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ცვლილებას ანექსიის შედეგადო (ნეტავ, რომელი ქვეყნის კონსტიტუცია რთავს ნებას?!).

მოკლედ, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, რაკი სამხედრო გამარჯვება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტიკური მოლაპარაკებები (უცნაურია, რომ მხოლოდ მეოთხე წელს მიხვდა ამას, მაშინ, როდესაც უკრაინა გადაივსო საძმო სასაფლაოებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულებითა და ომში დახეიბრებულებით). ამის პარალელურად, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ესაუბრა ტელეფონით უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულების შესახებ (ან ერთს, ან მეორეს ვინმე რამეს ეკითხება?!).

ბუნებრივია, ჩვენ არავინ გაგვიმხელს, რას გადაწყვეტენ (ან არ გადაწყვეტენ) სინამდვილეში პუტინი და ტრამპი, მხოლოდ მოქმედებებით თუ შევიტყობთ, თუმცა ფაქტია, რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებულია (რის შეთანხმებასაც აპირებენ) და ტრამპიც იმ შეხვედრაზე ბაქოსა და ერევანთან ხელმოწერილი მემორანდუმით წარდგება (რაც მისი დამატებითი კოზირია). აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, ვისაც ტვინში რუხი და თეთრი ნივთიერება ოდნავ მაინც უმოძრავებს, უნდა ხვდებოდეს, რომ ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენნაირები მხოლოდ რესურსი, ანუ საზარბაზნე ხორცია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა