გამნაწილებლები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 25.08

ანუ გულმა გული იცნო?!
ბევრი სისხლი დაიღვარა თუ ცოტა, ბევრი სოფელი და ქალაქი დაინგრა თუ ცოტა, ბევრი ფული გაკეთდა თუ ცოტა, ბევრი გამდიდრდა თუ ცოტა, ბოლოს და ბოლოს ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ.
იმ მარტივი მიზეზით, რომ, როდესაც მე ამას ვწერ, ისინი ჯერ ერთმანეთს არ შეხვედრიან, იმედია, შეხვდებიან, თუმცა რაზე ილაპარაკებენ და, მით უმეტეს, რას მოილაპარაკებენ (ან თუ მოილაპარაკებენ), ჩვენ ამას ნაკლებად თუ გვეტყვის ვინმე, მაგრამ მანამდე არ წყდებოდა და წყდება აზრთა ფრქვევა, იმის გამოცნობის იმედით, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს შეხვედრა.
მეორე მხრივ, მართლაც, საინტერესოა, ჯერ ულტიმატუმების წაყენება, შემდეგ კი ვლ. პუტინთან შეხვედრის გამართვა. ხოლო, რაკი ჩვენ არავინ არაფერს გვეტყვის შეხვედრის ნამდვილი მიზეზისა და შედეგის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გვგონია, გავლენებს, ანუ ტერიტორიებს გაინაწილებენ და მთავარი თემა იქნება უკრაინა, გადავხედოთ რუსული და ამერიკული დელეგაციების შემადგენლობას (ეს ერთადერთი ობიექტური მოცემულობაა):
ამერიკული დელეგაცია: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი. რუსული დელეგაცია: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმეთა საკითხების მრჩეველი იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
დელეგაციების შემადგენლობა მოწმობს, რომ ძირითადი აქცენტი ეკონომიკურ საკითხებს დაეთმობა, ანუ იმას, ვინ ვის მეტს გამორჩება, თავის გზებიან, ტერიტორიებზე გავლენებიანად. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი არქტიკის სიმდიდრეების განაწილებაა (და მერე რა, რომ ჩვენ გულუბრყვილოდ ვშფოთავთ, როდის დამთავრდება ომი). აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენნაირების ხარჯზე კიდევ ბევრი სისხლია დასაღვრელი დიდ-დიდთა შორის სარფიანად გამარჯვებულის გამოსავლენად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან