გალაღებულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:58
ანუ სიტყვის თავისუფლების სანახები
მართალია, ევროკავშირი ვერ ჩამოყალიბებულა, ჩინეთი, ბოლოს და ბოლოს, ბოროტებაა თუ უსაზღვრო სიკეთე (ვერ ჩამოყალიბებულა, ვინაიდან, მაგალითად, თავად ელაქუცებიან, ხოლო ჩვენ გვიკიჟინებენ, რომ ახლოსაც არ გავეკაროთ, თორემ ჩვენებური დემოკრატია შეუქცევადად დასნებოვნდება), მაგრამ დროს არ კარგავენ და პეკინისკენ მიმავალ ბილიკებს ტკეპნიან.
სულ ახლახან გერმანიის კანცლერი სი ძინპინს ეახლა (სტარმერის კვალდაკვალ), იმიტომ რომ, მისი განცხადებით (მომყავს ციტატა): „ჩინეთი შევიდა ზესახელმწიფოების სიაში. ჩვენმა პოლიტიკამ ჩინეთთან მიმართებით უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტი. ვერავინ შეძლებს ჩინეთის იგნორირებას. ძირითადი გლობალური პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა აღარ შეიძლება პეკინის გარეშე“.
მე არ ვიცი, რამ უბიძგა ბ-ნ მერცს ეგზომ გენიალური აღმოჩენისკენ და ნიშნავს თუ არა ეს, რომ აწი ჩვენც მოგვეცემა უფლება, წავებაასოთ ჩინელებს, მაგრამ დაზუსტებითაა ცნობილი, რომ გერმანიის კანცლერს უკვე შესაძლებელია, პინოქიო ვუწოდოთ.
შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი შემდეგნაირად დაიწყო: გერმანელმა პენსიონერმა გერმანიის პირველკაცს „პინოქიო“ უწოდა (გასაგებია, რატომაც), რის გამოც ის დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით, გერმანიის პროკურატურამ დაადგინა, რომ პენსიონერებს ამიერიდან თავისუფლად შეეძლებათ, ბ-ნ მერცს „პინოქიო“ უწოდონ და ამის გამო კანონის მსახვრალი ხელი არ მისწვდებათ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებურები კარგა ხანია, ისეთი სიტყვებით ამკობენ ერთმანეთს, რომ „პინოქიო“ მათთან შედარებით საალერსო თიკუნია; გამოდის, რომ, თუმცა გვამუნათებენ, ქართულ დემოკრატიას კარგა ხანია, გაულაღია სიტყვის თავისუფლების სანახებში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





