პოლიტიკა

გაქსუებული მზრუნველები

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ავტოებიდან – ავტობუსებამდე

რაკი ჩვენებური მთავრობა ცდილობს, იყოს მზრუნველი (ცდილობს და გამოსდის კიდეც: რათა მოწევის მავნე ჩვევას გადაგვაჩვიოს, უკვე მერამდენედ გააძვირა თამბაქოს ნაწარმი), ბუნებრივია, ვერაფრით დაუშვებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში იცხოვრონ. ამიტომაც გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ პირველი აპრილიდან აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი: პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. თუმცა განმარტა, რომ გზაში მყოფ ხანდაზმულ ავტომობილებს ეს ნოვატორული ცვლილებები არ შეეხება.

ამ გადაწყვეტილების საფუძველი, როგორც მოგახსენეთ, მოქალაქეთა ჯანზე ზრუნვაა: ზემოხსენებული სამინისტრო გვამცნობს გულისმომკვლელ ინფორმაციას, რომ (მომყავს ციტატა): „ავტოტრანსპორტი ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებითა და აზოტის ოქსიდებით დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. საქართველოში ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ავტოპარკის ასაკით და, შესაბამისად, ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობით არის გამოწვეული.“

ბუნებრივია, რა გული გაუძლებდა ხალხზე ამაგდარ ხელისუფალს, რომ მოსახლეობა ასეთ გაუსაძლის ატმოსფერულ პირობებში დაეტოვებინა, შესაბამისად, განა ტექდათვალიერების კონტროლი გაამკაცრა და კატალიზატორების „შავი“ ბიზნესი აკრძალა ან, თუნდაც, საწვავის ხარისხი გააკონტროლა, მარტივად და გენიალურად – 6 წელზე მეტი ასაკის ავტომანქანები აკრძალა.

მეორე მხრივ, ისიც სათქმელია, რომ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია ერთი მილიონ 814 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება და მსუბუქ ავტომობილთა (ავტოპარკის თითქმის 86 პროცენტი) 80 პროცენტი 10 წელზე მეტი ასაკისაა. ბუნებრივია, მისასალმებელია მთავრობის ძალისხმევა, გააახალგაზრდავოს საქართველოს ავტოპარკი და წაახალისოს მოსახლეობა, ახალი ავტოებით იმოძრაონ. ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ თბილისის ქუჩები ფრიად გადატვირთულია, ხოლო მოქალაქეების ჯიბეები არც თუ სქელი, ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენებური პატიოსანი გვამები საცობების დისკომფორტს (მათი პირადი და სამსახურებრივი ავტოპარკი ცინცხალია) ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე ამოფარებით ებრძვიან, მარტივად რომ ვთქვა, მოქალაქეები ავტობუსებში ურჩევნიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი