გაღლეტილი ინვესტორები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 06.01
ანუ მოლოცვა სემეკურად
სემეკის თავკაცმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, პათოსით, ახალი წლის წინ „რა გითხრათ, რით გაგახაროთო“ გვაუწყა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი მოიმატებს და, ზედაც, დასძინა, რომ არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ კერძო სექტორისთვისაც.
თანაც, არც განმარტება დაიშურა, რომ ტარიფი ორი კომპონენტისგან შედგება (განაწილებისა და მიწოდების), მარეგულირებელი კომისია ორივე ტარიფს ადგენს და მათი ჯამი ქმნის სამომხმარებლო ტარიფს.
ამ საგანმანათლებლო სამუშაოს გაწევის კვალდაკვალ სემეკის თავკაცმა დაგვამშვიდა, რომ ტარიფის ზრდა არც თუ მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ, რაკი, ერთი მხრივ, განაწილების ტარიფიც იზრდება და წლიდან წლამდე ელექტროენერგიაც ძვირდება, გაძვირება გარდაუვალიაო.
მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო (ჩემი მოკრძალებული აზრით) ის, არის, თუ რატომ იზრდება განაწილების ტარიფი, იმიტომ რომ (დავით ნარმანიას განცხადებით) ქსელში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება.
ბუნებრივია, ინვესტიციები მისასალმებელია, მაგრამ აქვე გაგახსენებთ ერთ ფაქტს. გემახსოვრებათ ელექტროენერგიის ტარიფის ბოლო გაძვირება: მაშინაც აგვიხსნეს, რომ გაძვირება „თელასის“ მიერ ინვესტიციის განხორციელებას უკავშირდებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ ინვესტიციის ამოღების შემდეგ ტარიფი ისევ უნდა გაიაფდეს, ყოველ შემთხვევაში განაწილების კომპონენტში (ის კიდევ ცალკე თემაა, რატომ უნდა განახორციელოს კერძო კომპანიამ ინვესტიცია მომხმარებლის ხარჯზე).
ხოლო, რაკი მსგავსი არაფერი მომხდარა და არც არავის განუმარტავს: ამოიღო თუ არა „თელასმა“ განხორციელებული ინვესტიციის დანახარჯი მომატებული ტარიფით და თუ ამოიღო, რატომ არ გაიაფდა ელექტროენეგია ან, სულ მცირე, რამ შეუშალა ხელი გაიაფებას, სავარაუდოდ, ამჟამადაც, იმავე ლოგიკით, მომატებული ტარიფის გაიაფებასაც არ უნდა ველოდოთ.
რაც მთავარია, სრულიად გაუგებარია, ვინ ურჩია სემეკის მაღალხელფასიან თავკაცს, რომ მსგავსი სიახლე (უფრო სიცუდე), მაინცდამაინც, ახალი წლის წინა დღეებში „ეხარებინა“ საზოგადოებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





