გადამდგომი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 05.10, 2021 წელი
ანუ რათა შვიდი?!
მართალია, კოვიდპანდემია ისევ გრძელდება და სრულიად დედამიწა საექსპერიმენტო რეჟიმში ცხოვრობს, ცენზურის თანხლებით (იმიტომ რომ ლამისაა, წესად დაინერგა, რის თქმა შეიძლება და რის არა და ამ გაქანებული ტექნოლოგიების ეპოქაში, თურმე, ადამიანებმა ზედმეტი კითხვები არ უნდა დასვან, ისე შეუშვირონ მკლავი ამცრელს და „გადაყლაპონ“ ყველა ის სტატისტიკური მონაცემი, რასაც სთავაზობენ), მაგრამ, რაკი, რაც მეტია ზეწოლის ძალა, მით მეტია წინააღმდეგობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში მთლად გაკავებულებიც არ მიჰყავთ მოქალაქეები ასაცრელად (თუმცა პროპაგანდა სანაქებო დონეზეა – რაც, ფაქტობრივად, არ ტოვებს ადგილს არც ალტერნატიული აზრისთვის და არც ქმედებისთვის).
მართალია, გამოჩნდნენ გასართობი და საკვები ობიექტების მესვეურები, რომლებიც მხოლოდ ორჯერადად აცრილებს მოემსახურებიან (ასემც უქნიათ, დაუხეთქავთ მუცლები, ეს მათი არჩევანია), მაგრამ ოფიციალურად აცხადებენ, რომ თითქოს ექიმებსა და პედაგოგებს აღარ აიძულებენ აცრებს. არადა – შენი მოწონებული, ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, თუმცა ესეც არჩევანია, გაუძლო თუ დანებდე, ანუ იმოქმედო საკუთარი შეხედულებისამებრ, ხოლო საკუთარი შეხედულებების დაცვა, ჩვეულებისამებრ, ხარკის გაღებასაც გულისხმობს.
ერთი სიტყვით, აწ უკვე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე (იმას გარდა, რომ გვარიანად დაემსგავსა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ანუ ბ-ნ ამირან გამყრელიძეს) მოთქვამს, რომ „კატასტროფულად დაიკლო“ პირველადი აცრების რაოდენობამ, ამიტომაც აპოკალიფსს აანონსებს (ეს საბოტაჟია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგო); მეტიც, განგაშის ზარებს არისხებს – „ფაიზერის“ ვაქცინები ფუჭდებაო („ფაიზერის“ ვაქცინები კი არადა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ).
თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ბ-ნი თენგიზ ცერცვაძის შემდეგი განაცხადია (მომყავს ციტატა): „ავიღებ პასუხისმგებლობას, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილობა დღეში 7-ზე მეტი იქნება“.
ანუ დღეში შვიდი სიცოცხლე წყალსაც წაუღია და ადამიანის სიცოცხლის საპირწონედ პასუხისმგებლობის აღება გადადგომაა?! შესაბამისად, კვლავ მაწვალებს კითხვა: ამ სიტყვების ადრესატები ვტოვებთ სამედიცინო დეგენერატის შთაბეჭდილებას თუ... წინადადება თავად დასრულეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





