ექიმის რჩევებირატომ უკიჟინებენ საქართველოს აშშ და დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირს ასცდითო, როდესაც არც ერთი არ არის ევროკავშირის წევრი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:21 22.08
დიდი და, ზოგადად, პოლიტიკა არც არასდროს გამოირჩეოდა გულწრფელობითა და წესიერებით, მაგრამ, განსაკუთრებით, ბოლო წლებშია თვალში საცემი, რომ დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება და მსგავსი დეკლარაციული განაცხადები სიტყვების რახარუხად იქცა. ყოველ შემთხვევაში, მე რისიც მჯეროდა 35 წლის წინათ, ყველაფერი ფიქცია ყოფილა და, როგორც მაკარი იტყოდა, მეც მწარედ მომატყუეს. უფრო ზუსტად, მოვტყუვდი. როგორ იქცა ჩვენ თვალწინ ტყუილად ის, რაც თაობებს და, მათ შორის, მეც მეგონა ფასეულობა, რეალურად კი, უბრალოდ, მასების სხვაგვარად სამართავი საშუალება აღმოჩნდა. ანუ არც თუ დიდი სხვაობა ყოფილა ტოტალიტარულსა და დემოკრატიულ სისტემებს შორის, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, – ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.
– მეჩვენება, რაც ვთქვი, თუ მართლაც თვალსა და ხელს შუა შემოგვეცალა ეს ნაქები ღირებულებები ადამიანის უფლებების შესახებ?
– არ გეჩვენებათ. ასეთი მოჩვენებები არ გჩვევიათ ხოლმე. ტოტალიტარულებს შორის ჩინეთია პატიოსანი, რომელიც თავს არ დებს დემოკრატიაზე, არც ადამიანის უფლებებზე. თავის დროზე კლინტონს, რომელმაც რამდენჯერმე უთხრა, ადამიანის უფლებების მხრივ ვერ გაქვთ საქმე რიგზეო, ამხანაგმა ხუ იაობანმა, რუსულად ცოტა უხერხულად ჟღერდა მისი სახელი და გვარი, უპასუხა, თქვენ 200-230 წელია, ამას „აწვებით“ და მაინც ვერ მიგიღწევიათ, ჩვენ კი 5 000 წელია, სახელმწიფოს წინაშე ადამიანს ვიცავთ, კიდეც ვართ ეს 5 000 წელია და უფრო მეტი მიღწევაც გვაქვს, მაგ თვალსაზრისითო. ისინი გულწრფელები მაინც არიან. ისევე, როგორც ის ჩრდილოკორეელი გოჭი არ დებს თავს დემოკრატიაზე. დანარჩენები იკლაკნებიან: რუსეთი იბრალებს, რომ აქვს სუვერენული დემოკრატია, რაც სისულელეა; ირანსაც აქვს დემოკრატია, თუმცა შეზღუდული: სხვა სარწმუნოების კაცი ვერ გახდება პრეზიდენტი და ეს იმ 12-მა იმამმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ახლა, უკვე მესამედ, მგონი, არჩევნები მოიგო კაცმა, რომელიც დიდად არ ეპიტნავებოდა იმ 12 კაცს, სხვათა შორის, ახალგაზრდობისა და ქალების შემწეობით. ახალგაზრდები – გასაგებია, ქალები კი ყოველთვის პროგრესისკენ არიან, ის კი, ირანის ფონზე, პროგრესულია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენი წლის დიქტატურის შემდეგ თურქეთში ადგილობრივი არჩევნები წააგო ერდოღანის პარტიამ და თქვა, ეს დემოკრატიის, თურქი ხალხის გამარჯვებააო. ეს, რაც შეეხებოდა აშკარად ტოტალიტარულ ან ავტოკრატიულ ქვეყნებს, რომლებიც ნაკლებად დებენ თავს დემოკრატიაზე, ხოლო რაც შეეხება დასავლურ სამყაროს, რომელმაც ჩვენს თვალსა და ხელს შუა ბოლო 30 წლის განმავლობაში და უნდა ვთქვათ, რომ საბჭოეთის განადგურებამ და გაქრობამ ამაზე გავლენა მოახდინა, ნიღბები ჩამოიხსნეს და აშკარა გახდა, რაც მანამდე ივარაუდებოდა და ნაკლებად იგრძნობოდა, რადგან რაღაც პრინციპები, გადმოყოლილი მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებიდან, მუშაობდა, რაც ჩვენ გვხიბლავდა და გვინდოდა, ჩვენთანაც ყოფილიყო. მედია კონტროლდება, ორი პარტია აბსოლუტურად აკონტროლებს პოლიტიკურ სივრცეს. შეხედეთ მათ დამფინანსებლებს: დასახელდა თუ არა კამალა ჰარისი კანდიდატად, ერთ დღეში 120 მილიონი ჩაურიცხეს. გვესმის, რომ ეს საშუალო ამერიკელებს არ ჩაურიცხავთ. ჩაურიცხა იმ ხალხმა, ვინც რეალურ გავლენას ახდენს მოვლენებზე. ჯერ არ მინდა, ვთქვა, მმართველები-მეთქი, იმიტომ რომ ტრამპის ტიპის მმართველები არ ექვემდებარებიან ასეთ რამეს. თვითონ „რესპუბლიკურ პარტიაში“, პარტიული ელიტის წინააღმედგობის მიუხედავად, პრეზიდენტობის კანდიდატად ტრამპი დასახელდა და მას ახლა მთელი პარტია უჭერს მხარს და გადაიხარა საშუალო ამერიკელისკენ, რომელსაც ამოუვიდა ყელში ეს ფარისევლობა. საერთაშორისო ასპარეზზე კი ეს უფრო უტიფარ სახეს იღებს, როდესაც რუსების ჩამოგდებული რაკეტების კომპონენტების 60 პროცენტი ამერიკული და ევროპული ქვეყნების წარმოებისაა, ჩვენ კი სისულელეებს გვიკიჟინებენ. აღმაშფოთებელი მგონია, ჯარს შეუწყვიტო დახმარება, რომელიც მათ მხარდამხარ იბრძოდა ყველა ომში, რაც კი ყოფილა ახლო აღმოსავლეთში.
– საერთაშორისო მისიებში ჩვენი კონტრიბუცია ისე დაიკარგა, თითქოს არც ყოფილა.
– ასეა. ისინი მიიჩნევენ, რომ შენ მოვალე ხარ, ის მოვალე არ არის და რასაც იტყვის, ისე უნდა იყოს, მე ეს ძალიან ცუდი ამბავი მგონია, ეს არის არანაკლებ უღირსი ამბავი, ვიდრე „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა, რომელმაც არანორმალური, პირუტყვული სახე მიიღო პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე. რატომღაც, 2 მილიარდამდე და მეტი ადამიანის რწმენის შეურაცხყოფა არაფრად ითვლება, აღარაფერს ვამბობ ლეონარდო და ვინჩის შეურაცხყოფაზე და შენ რომ თქვა, „ელ გებე ტე“ ხალხი მთლად არ მომწონსო, ეს უბედურებადაა მიჩნეული. ეს თავს მოხვევა, მბრძანებლური კილო, ამპარტავნება, ვწუხვარ, რომ ძვირად დაუჯდება მათ და ვშიშობ, ჩვენც არ დაგვიჯდეს ძვირად, იმიტომ რომ ჩვენ მათი მოკავშირეები ვართ. რბილად ვამბობ, გაგვიჭირდება, რუსების მოკავშირეები ვიყოთ. მარტივი სქემაა: ისინი არ ცნობენ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, რომლებიც რუსებს ოკუპირებული აქვთ. სანამ ასეა, ლაპარაკი ზედმეტია, ვინ არის ჩვენი მოკავშირე, მოწინააღმდეგე და მტერი. მტერი, ცხადია, რუსეთია, მაგრამ მოკავშირეობა იმას არ ნიშნავს, რომ თვალს უნდა ხუჭავდე ყველანაირ თავხედურ დამოკიდებულებაზე ჩვენ მიმართ. მე ერთი მგონია დადებითი: „ოცნების“ მხრიდან ასეთი ურჩობა და გადაჭარბებული შეპასუხებები, მაინც სასიკეთოდ მოუბრუნდება შემდგომ ხელისუფლებებს, რომლებსაც გაცილებით მეტად დაუფასებენ, თუნდაც, სანახევრო დათანხმებას, ვიდრე მანამდე აფასებდნენ ყურმოჭრილ ყმობას.
– დენიგანმა თქვა ახლახან, თავდაცვის სფეროს ისევ დავეხმარებით და მთავრობასაც, თუ ისინი ძველ კურსს დაუბრუნდებიანო. ეს ძველი კურსი კი, როგორც თქვენ თქვით, ყურმოჭრილი მონობაა? ანუ იმოქმედო ისე, რაც ამერიკის ინტერესია, თუნდაც, შენს ხარჯზე?
– რა თქმა უნდა და ისინი არც მალავენ. იუმორის გრძნობაც კი დაკარგეს, არადა, თუ რამე ჰქონდათ ანგლოსაქსებს, ეს ჰქონდათ. მახსოვს ლორდთა პალატაში გამოვიდა ერთ-ერთი წევრი და თქვა, ეს საქართველო ისე იქცევა, ევროკავშირში ვერ შევაო. არადა თავად დიდი ბრიტანეთი ერთი წლის გამოსული იყო ევროკავშირიდან, იმ კაცმა, ლორდთა პალატის წევრმა, ეტყობა, ეს არ იცოდა... ამერიკელებიც იმეორებენ, ასცდით ევროკავშირსო და, დალოცვილო, შენ რომ არ ხარ ევროკავშირი?! ამდენად, ცხადია, რაც არის ძველი კურსი და ყველაზე ტრაგიკომიკური არის ჩვენი დღევანდელი გაბატონებული პოლიტიკური ჯგუფების მდგომარეობა: ერთი გადასულია, ვითომ ეროვნული, ტრადიციების, კონსერვატიული პოზიციებიდან, ლანძღვა-გინებაზე, ხოლო მეორე ჯგუფი მხოლოდ იმის იმედად არის, რას იზამს დასავლეთი და უხარიათ, შეგვიწყვიტეს დახმარება, ახლა ბიძინას დაასანქცირებენ და თითქოს დაასანქცირეს კიდეც ვიღაც, ოღონდ ისიც არ ვიცით, რით. ყველას გვესმის, რომ, თუ იმით დაასანქცირეს, რომ აშშ-ში არ შეუშვებენ, დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანია, გამოვაკლოთ 340 მილიონი ამერიკელი და დარჩენილებიდან 100 მილიონი თუ ჩადის ამერიკაში. მაგრამ ისინიც ფეხს ითრევენ ძალიან მწვავე რეაქციებისგან. თუმცა, მე არ ველოდი ერთ რამეს: აქამდე რუსები, როგორც უფრო ველურები, ყოველთვის ქვეყანას სჯიდნენ არასასურველი მმართველის გამო.
– სომხეთია ცინცხალი მაგალითი.
– ამერიკლები კი სჯიდნენ მმართველს და არა ქვეყანას: შევარდნაძე გაუშვეს, სააკაშვილის გაშვებას ხელი შეუწვყეს, რომ მოაბეზრა თავი, მაგრამ ახლა ისინიც რუსების მეთოდზე გადაერთვნენ, ანუ პირდაპირ ქვეყანას უბრაგუნებენ.
– იქნებ იმიტომ, რომ არც ხალხს უნდა ომი, ნგრევა, ახალი პრობლემები. ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, თუ მაშინ ვერ მიხვდა, რომ 2008 წელს სააკაშვილი არანაირ ანტიტერორისტულ ოპერაციას არ დაიწყებდა, რომ არა შეგულიანება.
– არანაირი შეთქმულების თეორია არ არის საჭირო. ბატონი ბუში ბრძანდებოდა აქ და ეიფორიაში მყოფმა, ბუში-ბუშიო, რომ უძახეს, გაიშვირა ხელი ჩრდილოეთისკენ, აქ წითელი ხაზი გავლებულია და ვერავინ გადმოვაო. სააკაშვილის ჭკუამჩატობიდან გამომდინარე, მეტი რა უნდა ჩაეთვალა, იმას გარდა, რომ ამერიკა არ შემოუშვებს რუსეთსო?!
– დიახ, მაგას ვგულისხმობ, ჩვენთან ჰგონიათ, ვინმე ვინმეს პირდაპირ უბრძანებს, თან, დოკუმენტურად, მიდი, დაიწყე ანტიტერორისტული ოპერაციაო.
– ასე არავინ იტყვის, თუმცა ერთ-ერთი დამსწრის ნათქვამიდან ვიცი, აქ ბრძანდებოდა ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც გაბედა და უთხრა პირდაპირ, მაგრამ მე იქ არ ვყოფილვარ და ვინც მითხრა, არ დაამოწმებს, მშიშარა კაცია. ვიარეთ ამ მორჩილების გზით, დავინგრიეთ, დავილეწეთ, ტერიტორიის ნაწილი ნადირმა რუსეთმა მიიტაცა და რა?! გადასარევადაც რომ მოვქცეულიყავით, გვეტყოდნენ, გელოდებით, კარი ღიააო?! როდის გველოდებიან, სად გველოდებიან, ეს კარი სად არის, კაცმა არ იცის.
– ან სად შევყავართ ამ კარს?
– იქ შევყავართ, სადაც დიდი პრობლემებია. უნგრეთი თვითონ არ გავა, ხეირი აქვს იქ ყოფნით, მაგრამ გააგდებენ. ორბანმა დაკარგა რეალობის შეგრნება, ვაჭრობს თითოეულ წვრილმანზე, არ ველოდი, უნგრელების ხელმძღვანელი თუ ასეთი იქნებოდა, არადა ორბანი სამარცხვინო მოვლენაა, მისი ვითომ კონსერვატიზმის მიუხედავად, რითაც ამართლებს თავის ამ მოქმედებებს, რაშიც დავეთანხმებოდი, ასე რომ არ იქცეოდეს. ერთადერთი რეალური იქნებოდა „ნატო“, მაგრამ ამაზე აღარ ლაპარაკობენ. თქვა მაკრონმა, გამოუცდელია, დიდი ჭკუითაც არ ხასითდება, სხვა გეოგრაფიააო, წამოსცდა, მაგრამ ასეა. მოლდოვა დსთ-ის წევრია, კორუფციაში იხრჩობა, მაგრამ გადასარევიაო, რატომ? იმიტომ რომ მაია სანდუ ხანდახან რუსებს შეაგინებს.
– პრიმიტიული გახდა ძალიან ეს მეთოდები.
– ვთქვი, რუსს დაემსგავსნენ-მეთქი. რუსეთი რომ დასუსტდა, იმის მერე დაიწყო მოთხოვნა, სიტყვით მაინც ჩემკენ იყავიო. ბოლოს და ბოლოს, „ქართულ ოცნებას“ რა გაუკეთებია რუსებისთვის?! მაგრამ რუსები აქებენ და ადიდებენ. არ გვაგინებენო, ამით დაიწყეს, ახლა უხარიათ ეს კანონი და ამერიკა რომ სანქციებს გვიწესებს. რაღაც ზომამდე მეც ვთვლიდი, რომ არ აწყენდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ორღობეში ორი კაპასი ქალის ჩხუბს არ უნდა დაემსგავსოს ყველაფერი, თუნდაც, ჩვენგან და იქიდან თუ იქნება, იყოს, რა ვქნათ?! ჩვენ ბევრი ფაქტორი გვაქვს: პატარა ვართ, პირისპირ რუსებთან დარჩენა არ არის ხელსაყრელი და, ბოლოს და ბოლოს, „ვეფხისტყაოსნის“ კულტურის შვილები ვართ. ისინი არიან – ბონი და კლაიდის, სიაფანდი ძველი ბიჭების.
– ვშიშობ, ის დარჩათ, გვითხრან, აღარ ვუჭერთ მხარს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასო.
– ეს დარჩათ. მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, ჩვენი ხელისუფლება თუ ხვდება, რომ სადღაც მუხრუჭებს უნდა დააჭიროს, რომ მართლაც იქამდე არ მივიდეს საქმე, რაც თქვენ თქვით. ხომ ამბობენ, რუსების გაღიზიანება არ შეიძლებაო, მაშინ იმას რატომღა აღიზიანებ, დალოცვილო?! იქნებ არც ერთი არ გავაღიზიანოთ?! მარტივი თამაშია, არა?! თუ შუა და ღირსეული გვიჭირავს?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან