ძველი იარები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ანუ ერთი მართალი...
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროსაბჭოში გაწევრიანებას ვლამობდით და პირველობასაც ვიჩემებდით (არადა სომხეთიც და აზერბაიჯანიც მიიღეს ამ ორგანიზაციაში და ჩემთვის დღემდეა უცნობი, რა მოგვიტანა ეგზომ ფასადაუდებელი ამ ორგანიზაციის წვერობამ) სახელმწიფომ საკუთარ თავზე მესხეთელი თურქების ჩამოსახლების ვალდებულება აიღო (არადა ვინ ექაჩებოდა ენაზე?!), ოღონდ კი სამხრეთ კავკასიიდან პირველი ევროსაბჭოელი გამხდარიყო.
მას შემდეგ რამდენჯერმე დადგა ეს საკითხი, თუმცა გაირკვა, რომ, ჯერ ერთი, 1944 წელს სტალინის მიერ მესხეთიდან, ანუ თურქეთის საზღვრიდან გადასახლებული თურქების (რომლებსაც დასაბნევად „თურქი მესხები“ უწოდეს, არადა ან თურქი ხარ, ან მესხი, ანუ ქართველი, ორივე ერთად ნონსენსია) შთამომავლების ნაწილს არ უნდოდა უკან დაბრუნება, ნაწილმა არ იცოდა ქართული და არც არაფერი ახსოვდა აქაური.
ასე იყო თუ ისე, სულ ახლახან თურქეთის, ნეოოსმალური იდეით შეპყრობილმა, პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩვენს პრეზიდენტს გაუმხილა, რომ თურქეთი ელის, როდის დავაბრუნებთ 1944 წელს გადასახლებულ თურქებს „სამშობლოში“, ყველანაირადაც შეგიწყობთ ხელსო, დაგვაიმედა და იქვე შეგვახსენა, თუ რაოდენ მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთი საქართველოსთან (ეკონომიკის ამბავში, ანუ დაგვემუქრა). და თუმცა ეს ვალდებულება ევროსაბჭოს წინაშე ავიღეთ, ერდოღანის გააქტიურება გასაგებია სწორედ დიდი თურანის იდეის კონტექსტში (რის უკანაც დიდი ბრიტანეთიაო), იმას გარდა, რომ ამასიის ზავის შემდეგ მოსტირიან ირანი და თურქეთი საქართველოს მიწებს (და, მათ შორის, არც ბ-ნი ერდოღანი სვამს კითხვას, რა დოზანა უნდოდათ თურქებს მესხეთში?!). მეორე მხრივ, ეს აქტივობა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესუსტებასაც უკავშირდება.
ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ძალა, წინ აღვუდგეთ თურქეთის ზეწოლას, თუ ის ყველა ბერკეტის ამოქმედებას განიზრახავს (და რატომაც არ უნდა განიზრახოს?!) და, ვფიქრობ, უახლოეს ხანში ვიხილავთ მშობლიური არასამთავრობო სექტორის გაცხოველებას, რომლებიც შეეცდებიან, ააცრემლონ საზოგადოება, თუ როგორ ენატრებათ მესხეთი გადასახლებული თურქების შთამომავლებს. ცხადია, ჩვენი საზოგადოება, ჩვეულებისამებრ, ღელავს, უმეტესწილად, თავზე ნაცრის დაყრისა და გოდების რეჟიმში, თუმცა, თუ გავიხსენებთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, ერთი მართალიც რომ იყოს, ქალაქს არ დავღუპავო, შესაძლოა, ვერც თურქეთის, ვერც რუსეთის, ვერც ირანისა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვერც ევროკავშირის მოსარევი ფიზიკური ძალა არ გვქონდეს, მაგრამ ყოველთვისაა შესაძლებელი, იყო ის ერთი მართალი, რომელიც ქალაქს გადაარჩენს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან