„დრუჟბა“ დრუჟბოი“...
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 10.01, 2023 წელი

ანუ ფული ომებსაც ანათებს?!
რაკი ნათქვამია, ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხოო, სავარაუდოდ, ომის დროსაცაა შესაძლებელი ისეთი რამეები, თმას რომ ყალყზე დაგიყენებს, თუ, რა თქმა უნდა, მოვლენებს ემოციურად აფასებ და ნაკლებად - რაციონალურად.
ასე მაგალითად, მთელი ამ სისხლიანი, დამანგრეველი და სასტიკი ომის განმავლობაში რუსეთიდან უკრაინისკენ მიმავალი ნავთობსადენი „დრუჟბა“ (საოცრად ცინიკურია ხოლმე ადამიანთა ყოფა) საათივით მუშაობს და რუსული ნავთობით უკრაინის გავლით კვლავაც ამარაგებს ევროპის სახელმწიფოებს.
ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი „რიკოშეტიც“ კი არ მოხვედრია, არათუ დამიზნებული ტყვია (ისე არ გამიგოთ, ამას ვდარდობდე, უბრალოდ, ფაქტს შევნიშნავ).
თუმცა გაირკვა, რომ უკრაინა 2023 წლიდან ტრანზიტის საფასურის მომატებას გეგმავს. კერძოდ, თუკი აქამდე ერთი ტონა რუსული ნავთობის ევროკავშირისკენ გატარებაში უკრაინა 2,1 ევროს იღებდა, წელს ის შეიძლება, 13,6 ევრომდე გაიზარდოს.
ბუნებრივია, ტრანზიტის საფასურს მომწოდებელი, ანუ რუსეთი იხდის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ტრანზიტის საფასური გაუძვირდა, რუსეთი გააძვირებს ერთი ტონა ნავთობის ფასსაც, ანუ, საბოლოოდ, ევროკავშირის სახელმწიფოები დაზარალდებიან, ვინაიდან ნავთობის ფასის მატება, ზოგადად, ფასებზეც იმოქმედებს. ოღონდ ისიც სათქმელია, რომ უკრაინას ვერც გაამტყუნებ, ვინაიდან არა მხოლოდ ტარანა, ნავთობიც თვლითაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან