პოლიტიკა

დაზავებულები

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 21.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ცოლ-ქმრის ჩხუბი...

მართალია, ჩვენებური პოლიტიკოს-ექსპერტები და, ზედაც, დაინტერესებული საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა (და ბ-ნი ალიევის ტონალობა, მართლაც, ქმნიდა ასეთ შთაბეჭდილებას) და საცაა, თურქეთსა და რუსეთს შორის ომი დაიწყებოდა, მაგრამ, ჰოი, საკვირველებაც და, ტაჯიკეტში ალიევი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ (აქვე შეგახსენებთ, რომ ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რაც რუსეთს დაბრალდა) და ფრიად კეთილგანწყობილადაც გამოიყურებოდნენ.

და თუმცა აქამომდე აზერბაიჯანის პირველკაცის რიტორიკა საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო, დუშანბეში შეხვედრისას მისი ტონი სრულიად საპირისპირო გახლდათ. პესკოვმა გვაუწყა, რომ შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ალიევმა პუტინს დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა (სამწუხაროდ, არ დაუზუსტებია, წაუღიღინა თუ არა – რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეაო); საუბარი კი კონსტურქციული და პოზიტიური იყოო.

წაუღიღინა თუ ჩაიღიღინა, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას კვლავ მოუბოდიშა აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, და აწ უკვე დაეყრდნო, როგორც თავად თქვა, გამოძიების მასალებს და დასძინა, იმ ავბედით ღამეს უკრაინულ უპილოტოებს ვებრძოდით, ვერც ჩვენმა ჰააერსაწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა ჯეროვნად, რაკეტა თვითმფრინავიდან 10 მეტრში აფეთქდა, რის ნამსხვრევმაც იმსხვერპლაო.

ალიევმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა რუს კოლეგას (თითქოს მანამდე ოკუპანტი არ ეძახა), რაკი თავად აკონტროლებთ გამოძიების პროცესს, მშვიდად ვარო და დაარწმუნა იგი, რომ სჯერა გამოძიების ობიექტურობის. იქვე ეკონომიკური საკითხებიც უხსენებიათ („სოკარის“ კუთვნილი ობიექტების დაბომბვა თითქოს არც ყოფილიყოს, თუმცა ამასაც ეკონომიკასთან აქვს კავშირი) და ბ-ნმა ალიევმა ვლ. პუტინსა და მეგობარ რუს ხალხს ყოველივე კარგიც უსურვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკა და, მით უფრო, გეოპოლიტიკა, დიდად უთავმოყვარეო და ანგარებიანი ვინმეა, ვფიქრობ, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსების ჩხუბი ცოლ-ქმრისას ჰგავს, მხოლოდ ბრიყვს რომ ჰგონია მართალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა