დასასჯელი ორი მესამედი?!
ავტორი: „თბილისელები“ 13:00 24.06

ანუ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო
შესაძლოა, იმიტომ რომ ბალტიისპირეთის ევროდეპუტაციამ ჯეროვნად ვერ შეასრულა მისია, საქმეში უფრო მძიმეწონიანი ფიგურა – სახელდობრ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ტუსკი ჩაერთო და აწ უკვე მან გაგვიმხილა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს (კარგია, თუ პოლონეთის მთავრობას საქმე ისე საათივით აუწყვია, რომ სხვა სალობირო თემა არ აქვს, ცხადია, იმას გარდა, რომ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ შეუშვან პოლონეთში, რათა პოლონელი ფერმერები არ დაზარალდნენ).
სხვათა შორის, ეს ამბავი ბ-ნმა ტუსკმა პოლონეთის პარლამენტს აუწყა, ცხადია, იქ გამოსვლისას, როდესაც მისი მთავრობისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინათ. საინტერესო ის არის, რომ, ბ-ნი ტუსკის თქმით, მან იცის, რომ საქართველოში მოსახლეობის მესამედს სურს, გაიზიაროს მათი ღირებულებები, ესე იგი, გამოდის, რომ ორ მესამედს არ სურს. შესაბამისად, თუმცა აცხადებს, რომ უბოდიშებს ქართველებს, ვფიქრობ, მის ამ განცხადებას იმ ორი მესამედის დასჯის სურნელი ასდის, რომლებიც, როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, არ იზიარებს მის ღირებულებებს.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, მოახერხებს თუ არა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოდან შრომისუნარიანი და ფერტილური ასაკის მოსახლეობის გადინება გაიზარდა, რაკი თავად ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი ძალისხმევა ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ, იქნებ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება იმის საწინდარიც გახდეს, რომ ამ ჩვენს მიწას, უპატრონოდ რომ ყრია და უცხოელები ეპატრონებიან, თავადვე მოვუაროთ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან