დამკვირვებელი მოენეები?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 16.09

ანუ „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა...“
ჩინეთში შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გაიმართა, რომელსაც, ცხადია, უამრავ სტუმართან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირებიც დაესწრნენ და, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა, ჩვეულებისამებრ, თავზე ნაცარი დაიყარა: ეგზომ მნიშვნელოვან შეხვედრას გამოვაკლდითო (ან კი როგორ არ უნდა გამოვკლებოდით, როდესაც შანჰაის თანაშრომლობის ორგანიზაციასთან არაფერი გვაკაშირებს?! ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი იქ დამკვირვებელ ქვეყნებს წარმოადგენენ). მეორე მხრივ, ეს ჩვენებურები ფრიად უცნაურნი ბრძანდებიან, ვინაიდან აღმოსავლეთი ხან ჩამორჩენილობის სიმბოლოა (მათი თქმით) და იქ არაფერი გვესაქმება, ხან კი, თუ იქ გამართულ ღონისძიებებს არ დავესწარით, განგაშის ზარებს არისხებენ. ასეა თუ ისე (არადა ისეა), სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაწევრიანება მოითხოვეს, თუმცა, მართალია, თქვენი დიდი ხათრი გვაქვსო, მაგრამ სომხეთის გაწევრიანება პაკისტანმა დაბლოკა (როგორც აზერბაიჯანის მეგობარმა და ინდოეთს გადამტერებულმა), ხოლო აზერბაიჯანი – ინდოეთმა (პაკისტანს გადამტერებულმა). ოღონდ ზოგიერთი უცხოელი ექსპერტის მტკიცებით, არც არავინ აპირებს სომხეთისა და აზერბაიჯანის შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ვინაიდან შემოგზავნილი თვალი არავის სჭირდებაო.
ბუნებრივია, მე თავს ვერ დავდებ უცხოელი ანალიტიკოსების ამ ბრალდების ჭეშმარიტებაზე (რომ ბ-ნები ალიევი და ფაშინიანი მოენეების ფუნქციას ასრულებენ), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ორივენი მშრალზე დარჩნენ, როგორც ჩანს, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციისგან თავის შორს დაჭერა ზუსტად ჯდება რუსთველისუელ შეგონებაში: ზოგჯერ თქმა (ანუ წასვლა) სჯობს არათქმასა (ანუ წაუსვლელობას), ზოგჯერ თქმითაც (წასვლითაც) დაშავდების.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან