პოლიტიკა

დამგოიმებლები და დასაგოიმებლები

№51

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:23

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ცხელი კერძიდან ცივ მისაყოლებლამდე

მართალია, გეოპოლიტიკური დაპირისპირება უკრაინის ტერიტორიასა და უკრაინელების საზარბაზნე ხორცით გრძელდება, მაგრამ საქმეს ისეთი პირიც უჩანს, რომ მხარეებმა, საცაა, უნდა მოილაპარაკონ (ბუნებრივია, საკუთარი ინტერესების დასაცავად და არა უკრაინის ნათელი მომავლისთვის, ვინაიდან უკრაინა და მსგავსი ქვეყნები ცხელ-ცხელ კერძებად ან ცივ-ცივ მისაყოლებლებად განიხილებიან). შესაბამისად, დასავლელ ლიდერთა რიტორიკაც იცვლება (ვინაიდან არაფერია იმაზე ცვალებადი, ვიდრე პოლიტიკოსის შეფასებები). გამონაკლისი არც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია. დიახ, აი, ის ჯონსონი, რომელსაც 2022 წლის მარტში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლას აბრალებენ (აგვიკრძალა დაზავებაო).

სახელდობრ, 2023 წელს ბორის ჯონსონი აცხადებდა, უნდა დავიწყოთ უკრაინის „ნატოში“ მიღების პროცესიო, ხოლო სულ ახლახან, ანუ 2025 წლის მიწურულს გამოაცხადა, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა „ნატოს“ წევრი გამხდარიყო.

ბუნებრივია, მას არც არავინ მოსთხოვს პასუხს, ან მაშინ რატომ თქვა, რაც თქვა, ან ახლა რატომ ამბობს იმას, რაც ახლა თქვა, ისევე, როგორც სავსებით მოსალოდნელია, რომ ორიოდ წელში ისევ გადაატრიალოს ფირფიტა და დაგვარწმუნოს, რომ უკრაინის ადგილი სწორედ „ნატოშია“. თუმცა ბორის ჯონსონის ეს მეტამორფოზები ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების როლს ასრულებდა.

ოღონდ პირადად ჩემთვის ეს ამბავი 2008 წლის აპრილში „ნატოს“ ბუქარესტის სამიტის შედეგით (როდესაც მაფი არ მოგვცეს), 2008 წლის ომითა და მაფზე უკეთესის გადმოცემის და სხვა მსგავსი ფაქტებით გახდა გასაგები. შესაბამისად, გაუგებარია ჩვენებურ მოპროტესტეთა პათოსი. რატომ? იმიტომ რომ, თუ ლოგიკით ვერ ხვდები, თვითგადარჩენის ინსტინქტი ხომ მაინც უნდა მუშაობდეს?!

როგორც უნდა იყოს, არც იმას ვფიქრობ, რომ პატივცემული ჯონსონი ან სხვები, რომ გვახელებენ, ეცით რუსეთსო, ბოროტი არსებები არიან. რატომ? იმიტომ რომ, ცხოვრებისა და, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკის წესითა და რიგით, დასაგოიმებელი უნდა დააგოიმო (სიმღერ-სიმღერით უნდა წალალო ცხვრის ფარასავით საძმო სასაფლაოებისკენ) და დაუტოვო არჩევანი მხოლოდ ცხელ კერძსა და ცივ მისაყოლებელს შორის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი