პოლიტიკა

დალი ჩიტალაძე: ერთადერთი ოცნება დამრჩა – კოსმოსში გაფრენა

ავტორი: ლუკა ნემსაძე 16:28 12.11, 2020 წელი

დალი ჩიტალაძე
დაკოპირებულია

სახელი: დალი.
გვარი: ჩიტალაძე.
პროფესია: მოდის ექსპერტი, ბლოგერი.
– ბავშვობა...
– ძალიან კარგი, საინტერესო და დატვირთული ბავშვობა მქონდა. ყველაზე მეტად მახსენდება ის, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ გამაჩნდა, დავდიოდი: სიმღერაზე, ცეკვაზე, ინგლისურზე, მუსიკაზე. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, მენატრებოდა ეზოში ჩასვლა და თამაში. პიონერთა სასახლეში სიმღერის გაკვეთილები მიტარდებოდა და ჯგუფთან ერთად უამრავ გასტროლზე ვიყავი, საიდანაც ბევრი, დაუვიწყარი, მოგონება დამრჩა...
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ვოცნებობდი ეკრანზე, სცენასა და მომღერლობაზე. რაც კი მიოცნებია, მგონი, ყველაფერი ამიხდა, ერთადერთი ოცნება დამრჩა კოსმოსში გაფრენა და ამ ცხოვრებაში თუ არა, იმ ცხოვრებაში მაინც ავისრულებ.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ვიდრე მოდის სფეროში გადავინაცვლებდი, პროფესიად სულ სხვა რამ მქონდა არჩეული, მინდოდა, კომპოზიტორი ვყოფილიყავი და მუსიკა დამეწერა, კონსერვატორიაშიც ჩავაბარე, მაგრამ ადამიანი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ჩემი ცხოვრება სულ სხვაგავარად წავიდა, იყო ემიგრაცია და მერე სხვა რელსებზე დავდექი. ამერიკაში ყოფნისას მოდის ინდუსტრიაში დავიწყე მოღვაწეობა და დღემდე ამ სფეროში ვარ.
– პროფესიული ჩვევა...
– მოდა პროგრესირებადია, თუ ჩამორჩი, იმ ადგილზე დარჩები, სადაც გაჩერდი. ამიტომ არ ვტოვებ არანაირ სიახლეს. ბევრს ვკითხულობ, ვუყურებ, ვუსმენ ამ თემის იგვლივ. სახლშიც სულ ვფიქრობ, რა და როგორ იქნება უკეთესი. და ასე შემდეგ. არ ვიცი, ეს რამდენად ჩვევაა, უფრო შრომა მგონია, მაგრამ ჩემი ყოველდღიურობაა.
– ადამიანში ვაფასებ...
– მადლიერებასა და სიკეთეს. უმადური ადამიანი მძაგს! სამწუხაროდ, ბევრჯერ გამოვცადე ეს გრძნობა და ვიცი, რა ტკივილიც არის.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვინც კოსმოპოლიტენია, აქვს მაღალი ინტელექტი და გემოვნება. გემოვნება თუ არ გაქვს, ვერცერთ პროფესიაში ვერ დაიპყრობ მწვერვალებს. წარმატებულია ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მუშაობს საკუთარ ნიჭზე – ღმერთი რომ გაძლევს რაღაცის ნიჭს, ის თუ არ გააღრმავე, ისე წინ ვერ წახვალ.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– რწმენასა და ღმერთზე საუბარი ძალიან პირადულია და საჯაროდ ლაპარაკი არ მიყვარს. ღმერთი ჩემს გულში და გონებაშია. ის ყველგანაა. ვცდილობ, ვიცხოვრო ქრისტიანულად.
– ვრისკავ...
– სულ. ძალიან რისკიანი ვარ. თვითმფრინავიდანაც კი გადმოვხტი. არასოდეს მეშინია რისკის, ხვალ ახალი ცხოვრების დაწყება რომ დამჭირდეს, აუცილებლად დავიწყებ. 15 წელი ნიუ-იორკში ვიცხოვრე და ამ წლებმა იმხელა ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა, რომ არაფრის მეშინია. იქ ხალხი 60-70 წლის ასაკში იწყებს თავიდან ცხოვრებას. იქ ახალგაზრდა ხარ მანამდე, სანამ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგაწუხებს. ამიტომ, თუ ვინმეს რამე კარგი გინდა უსურვო, ეს არის ჯანმრთელობა და დაეხმარე მას, იყოს ჯანმრთელი.
– მჯერა...
– ადამიანების... არასოდეს ვთამაშობ, ყოველთვის ვარ ის, რაც ვარ. ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს უკვირთ და მეუბნებიან: კარგი რა, დალი, როგორ შეიძლება, სულ ყველასი გჯეროდეს, ყველას არ უნდა ენდოო. მაგრამ რაც უნდა მითხრან, მაინც ასეთი ვარ, ვენდობი ადამიანებს და მჯერა მათი.
– ბედისწერა...
– მჯერა, რომ ამ ქვეყანაზე თითოეული ჩვენგანი საკუთარი მისიით მოვდივართ, ბედს კი თავად ვწერთ. დედამიწაზე ყველამ ჩვენი გასაკეთებელი საქმე უნდა ვაკეთოთ. ამაში ღმერთის ხელიც ურევია, მაგრამ ის გვაძლევს ამის შესაძლებლობას და როგორ განვავითარებთ, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
– სიყვარული...
– ყველაფერია. ეს არის გრძნობა, რომელსაც არანაირი ჩარჩო არ გააჩნია. თუ რამე კარგი ხდება ამქვეყნად, თუ რამე ლამაზია, სწორედ ეს არის სიყვარული. დილა რომ თენდება, ლამაზ და მზიან ამინდს ვუყურებ, ჩემთვის ესეც სიყვარულია. ამ დროს ადამიანი საოცარი გრძნობით ივსები. თითქოს ბანალურია, მაგრამ ამ ყველაფერს წლებთან ერთად უფრო აფასებ.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარული დროსთან ერთად ძლიერდება, ოღონდ ნამდვილი უნდა იყოს. როცა გრძნობა ნამდვილი არ არის, მაშინ ბუნებრივია, ქრება.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– სულ ვამბობ ხოლმე, ნამდვილი სიყვარული ცოტა უფრო გვიან მოდის და ბავშვობის ასაკში რასაც განვიცდით, ვნებაა. როცა ეს ვნებათაღელვა გადაივლის
და როგორც ამბობენ, ადამიანი „დაღვინდება“, მერე უყვარდება მთელი გულით. თუმცა, არის შემთხვევები, როცა პირველი სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და ნამდვილ, ძლიერ გრძნობაში გადაიზრდება. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი რამ იშვიათია, ძირითადად, ჯერ არის ვნება და შემდეგ მოდის სიყვარული. ვნება მალე ქრება, ინტერესიც იკარგება და ხვდები, ეს არ იყო გრძნობა. სიყვარული კი დროსთან ერთად უფრო ღრმავდება და ძლიერდება.
– იდეალური მამაკაცი არის...
– იდეალური არც ქალი არსებობს და არც მამაკაცი, ყველას აქვს თავისი მინუსი და პლუსი. ყველასთვის ის არის იდეალური, ვინც მას უყვარს.
– ის, რაც უპატიებელია...
– უმადურობა. უმადურობისგან მოდის ღალატი და ყველაფერი, რაც შეიძლება, ცუდი გაუკეთო ადამიანს.
– შემშურებია...
– არა, საერთოდ არ ვიცი ეს გრძნობა. როცა ვხედავ, ადამიანი ჩემზე ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებულია, პირიქით, მიხარია, მინდა, მისგან კიდევ რაღაც ვისწავლო, რომ მეც გავხდე უფრო წარმატებული. ღმერთმა ქნას, ყველა წარმატებული იყოს, არავისი არ მშურს: არც მდიდრის, არც ღარიბის.
– სამაგიერო გადამიხდია...
– არასდროს. ემოციებს ხანდახან ავყოლილვარ, მაგრამ მერე მითქვამს: იმას ისიც ეყოფა, რომ ეგეთია. ღმერთი მაღალია და ყველას თავისას მისცემს. მეუბნებიან: შური უნდა იძიო, რომ მეორედ აღარ გაგიბედოსო, მაგრამ კარგი რა, მაგაზე როგორ დავხარჯო დრო, მას ისედაც მიეზღვევა. ნამდვილად არ ვიფიქრებ და დავხარჯავ დროს. „ფეისბუქზეც“ კი არასოდეს გამიცია პასუხი ჩემზე დაწერილ ცუდ კომენტარზე. ვირტუალურ ადამიანებს, რომლებიც ბოღმას ანთხევენ, ნამდვილად არ შევებრძოლები. მათ არ ვიცნობ და არ მიცნობენ, ამიტომ ვბლოკავ და ვშლი. ნეტავ ასე შემეძლოს რეალურ ცხოვრებაშიც.
– ვეჭვიანობ...
– კი და ვინც მიყვარს, იმის მიმართ ცოტა ეგოისტობებიც მაქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს, მგონი, ეგეც გამიქრა. უბრალოდ, ჩემიანი, ჩემი მინდა, იყოს (იცინის).
– ვიტყუები...
– ვერ ვიტყუები, მაშინვე მეტყობა ხოლმე. ხანდახან კარგი ზრახვებით მინდა მოვიტყუო, მაგრამ არ გამომდის. ერთხელ ამერიკაში ერთ-ერთ ბიზნესშეხვედრაზე მოლაპარაკება იყო. შეხვედრა რომ მორჩა, ჩემი უფროსი გამოვიდა და მითხრა: დალი, შენ არასოდეს ითამაშო პოკერი, ყველაფერი სახეზე გეტყობაო. თუმცა რაღაცის დამალვა და საიდუმლოს შენახვა შემიძლია – არ მიყვარს ჭორაობა.
– ვნანობ...
– მხოლოდ იმას, რომ ბევრი შვილი არ მყავს, დანარჩენს – არაფერს. ახლიდან რომ მქონდეს ცხოვრების დაწყების საშუალება, ერთადერთი, რასაც გავაკეთებ ისაა, რომ ბევრ შვილს გავაჩენდი, დანარჩენი ყველაფერი იგივე იქნებოდა. ჩემი შვილის მამას ადრე გავცილდი, მერე მეორედ როცა გავთხოვდი, პრობლემები შემექმნა და ვეღარ გავაჩინე, თორემ სურვილი მქონდა.
– ვაგროვებ...
– ტანსაცმელს (იცინის), დანარჩენი არც ფულის შეგროვება შემიძლია და არც რაიმე ნივთის.
– ვზარმაცობ...
– ძალიან მიყვარს ნებივრობა და სიზამრაცე, თუმცა ამით საქმეს არ ვაფუჭებ.
– ჩემზე ამბობენ...
– რომ ვარ უაზროდ კეთილი. ეს ხშირად მომისმენია ჩემი მეგობრებისგან, მეუბნებიან: არ შეიძლება ზედმეტი სიკეთე, ისჯებაო.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– შეცვლით ვერასოდეს შევიცვლები, მაგრამ ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ რაღაცები გადავაფასე. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში: ჯერ ჩემი ძმა დაიღუპა, მერე, ჩემმა დამ, თითქოს რაღაც გამიწყვიტა სულში და თან წაიღო...
– რჩევა, რომელიც მახსოვს...
– არ უნდა ინერვიულო იმაზე, რასაც არაფერი ეშველება ან თუ ეშველება, მით უმეტეს, რატომ ნერვიულობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი