პოლიტიკა

ბუმერანგის სამსხვერპლო

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.01

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სუვერენიტეტშელახულები

შეიძლება, იმიტომ რომ ბუმერანგის პრინციპი უკვდავი და მოქმედია ამ სამყაროში ან იქნებ ბედის მსახვრალი ხელის მიზეზით, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ხუთ პირს, რომლებიც, ასე განსაჯეთ, ამერიკულ ონლაინპლატფორმებზე მასალებს აცენზურებდნენ. ზემონახსენებ ხუთს შორისაა ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონიც. სხვათა შორის, შარშან ის თვით ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუპირისპირდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ქ-ნ ურსულას მისი „მოსრიალება“ სურდა ევროკავშირიდან (რაც გამოუვიდა კიდეც).

ასე იყო თუ ისე, ყოფილ ევროკომისარს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯოზეფ ბორელი გამოესარჩლა. სახელდობრ, სოლიდარობა გამოუცხადა და აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო (სანქცია გულისხმობს, რომ ბ-ნი ბრეტონი ვეღარ შევა აშშ-ში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მას დიდ დისკომფორტს უქმნიდეს, მაგრამ პრესტიჟისთვის დიდი დარტყმაა).

თავის მხრივ, ჩვენთვის არანაკლებ ცნობილმა კაია კალასმა ამერიკული სანქციები სუვერენიტეტის შეზღუდვად შეაფასა, ისევე, როგორც იმანუილ მაკრონმა (ყოფილი ევროკომისარი ფრანგია). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ სრულიად ევროკავშირი (და განსაკუთრებით, ზემოხსენებული სამნი: ბორელი-კალასი-მაკრონი) გამოირჩევა მუდამდღე რჩევების მოცემითა და ულტიმატუმების წამოყენებით, გაუგებარია, რატომ არ შეუძლია იგივე ევროკავშირის მისამართით აშშ-საც?!

ოღონდ ისიცაა, რომ აშშ და ევროკავშირი რამენაირად უჩვენოდაც მორიგდებიან, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირი ბოლო პერიოდია, სანქციების დაწესებით ემუქრება საქართველოს და ამას დავამატებთ, რომ თავად ევროკავშირელის მიმართ სანქციის დაწესებას სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევენ, გამოდის, რომ, ჯერ ერთი, მშვენივრად უწყიან, რა ქმედებაა სუვერენიტეტის შელახვა, რაც მთავარია, საქართველოს სრულიადაც არ მიიჩნევენ სუვერენულ ქვეყნად და, რაც არანაკლებ სავალალოა, ცენზურა დასავლეთში ამასობაში, ვაი რომ, ჩვეულებრივ ამბად ქცეულა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი