პოლიტიკა

ბირთვული თითლიბაზობა

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ კრეატივის ნაკლებობა

ვფიქრობ, ყველას ახსოვს, თავის დროზე, რამ გამოიწვია კარიბის კრიზისი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: 1961 წელს აშშ-მა თურქეთში საშუალო სიშორის რაკეტები („იუპიტერი“) განათავსა, რამაც საბჭოეთის დედაქალაქსა და ქალაქებზე წვდომის მანძილი საგრძნობლად შეამცირა. სსრკ-მა კი, თხას თხაზე ნაკლებს, ბირთვული რაკეტაც თავში მოხვედრიაო და, კუბაში განათავსა სამხედრო ნაწილები, რომელთა შეიარაღებაში ირიცხებოდა როგორც ჩვეულებრივი, ისე ატომური იარაღი (ბალისტიკური და ტაქტიკური რაკეტები). 1962 წელს ვითარება ისე დაიძაბა, რომ კინაღამ ერთმანეთს ბირთვული რაკეტები დააყარეს, თუმცა ესე ამბავი მშვიდობით გასრულდა, მაგრამ ისტორიას გამეორებები ჰყვარებია (თანამედროვე გეოპოლიტიკას კრეატივი აშკარად აკლია).

ჰოდა, რაკი ყვარებია, შესაძლოა, ამიტომაც მას შემდეგ, რაც ნატო რფ-ს საზღვრებთან მიუჩოჩდა, ჯერ ჩვენ დაგვესხა თავს, რაზეც ევროპელებმა თქვეს, თავდასხმა იყო არაპროპორციული ძალის, თორემ ქართველებს ეკუთვნოდათო, ხოლო 2022-ში - უკრაინას, რაც სრულიად დასავლეთმა შეაფასა, როგორც არაპროვოცირებული თავდასხმა, მაგრამ რუსეთმა სხვაგვარად განსაჯა და თავის 2 100-კილომეტრიან საზღვართან ნატოელების დავანების პერსპექტივა სასიკვდილო საფრთხედ აღიქვა. შესაბამისად, მესამე წელია, სისხლისმღვრელი ომია და ამასობაში, როგორც ჩანს, პრ. პუტინს თავში იდეაც მოუმზიანდა (ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ან ჯერაც დაუვიწყებელი ძველიაო) და მეგობარ კუბასთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარება განიზრახა. ამ მიზნით, ჰავანის სანაპიროებს უკვე მიუცურდნენ ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“, ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“ და ორიოდე სხვა მცურავი საშუალება... კუბელები სტუმრებს შესაბამისად დახვდნენ და მოგვიანებით, ზემონახსენები შემადგენლობა ვენესუელის სანაპიროებსაც მიუჩოჩდება (იმავე მიზნით).

ხოლო, რაკი რუსული მცურავი საშუალებები ფრიად ახლოს მიეახლნენ აშშ-ის ქალაქებს, კუბის ხელისუფლებამ განმარტა, რომ წყალზედა და წყალქვეშა ხომალდებზე არანაირი ბირთვული იარაღი არ არის (მიდი და გაიგე, არის თუ არა), მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, ჯობია, თუ რფ და აშშ უშუალოდ გაარკვევენ ურთიერთობას (ანუ ერთმანეთს დასცხებენ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით და, ზედაც, ბირთვული რაკეტებით) და სულ მთლად უკეთესი, თუ ამას დედამიწის იმ ნახევარში ჩაიდენენ, იმიტომ რომ, პირადად მე ძალიან მომწყინდა ამ ორის ომებში ცვილის ჯარისკაცების როლის შესრულება, ვინაიდან ამ ჯარისკაცებს ნამდვილი სისხლი სდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული