პოლიტიკა

ბირთვული ძიძგილაობა

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:12

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჩემი რაკეტა შენსას ჯობია

მას შემდეგ, რაც რფ-მ რაკეტა „ბურევესტნიკი“ გამოსცადა, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, ძალიან შორ მანძილზე დაფრინავს და, ასევე, ძალიან დიდხანს რჩება ჰაერში, იმას გარდა, რომ არც ერთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას შეუძლია მისი გადაჭერა (ცხადია, უმაგრდება ბირთვული ქობინიც), აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მათაც უნდა გამოსცადონ ბირთვული იარაღი და იქვე დასძინა, რომ სწორედ აშშ-ის აქვს ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი, მეორე ადგილზე რუსეთია, ხოლო მესამეზე – ჩინეთი (თუმცა, თუ ერთ-ერთმა ისროლა, დანარჩენებს რაღა გადაარჩენს ან რა აზრი ექნება, ვის მეტი აქვს და ვის ნაკლები?!).

მოკლედ, იმის მიუხედავად, თუ ვის რომელზე მეტი აქვს, საბოლოოდ, აშშ-მა Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა (ანუ მიეწია „ბურევესტნიკს“) და, როგორც აშშ-ის „საჰაერო ძალების გლობალური დარტყმის სარდლობამ“ გვაცნობა, ის შეუიარაღებელი (ანუ ბირთვული ქობინის გარეშე) გააფრინეს და გამოაფრინეს. ბუნებრივია, მეტად კეთილშობილური მიზნით: შეემოწმებინათ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის სანდოობა, სამოქმედო მზადყოფნა და სიზუსტე (აქვე გეტყვით, რომ რაკეტას 6 720 კილომეტრი უფრენია).

მე არ ვიცი, რა ზემოქმედება მოახდინა ზემოხსენებულმა ფრთოსანმა რაკეტამ რფ-სა და ჩინეთზე (თუმცა სამართლიანობის გამო უნდა შევნიშნოთ, რომ ჩინეთს ჯერჯერობით არც არაფერი აუფრენია და არც გაუფრენია), მაგრამ აშკარაა, რომ მხარეებმა ბირთვული ქობინების დატოლების პროცესი დაიწყეს, რაც ბავშვურ თამაშებს წააგავს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბავშვების სახიფათო თამაშობანი ბავშვებისთვისვე შეიძლება, დასრულდეს ცუდად, ეს დიდი ბიჭები კი აშკარად ჩვენ გადაგვყრიან ხიფათს, თორემ თავად მშვენივრად გაატარებენ ბირთვულ ზამთარს თავ-თავიანთ ბუნკერებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა